Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო ამბობს, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება


დავით სერგეენკო, დეპუტატი.
დავით სერგეენკო, დეპუტატი.

საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სერგეენკომ, კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯერ არ არის დაზუსტებული, ვინ იქნებიან დელეგაციის წევრები, თუმცა ამბობს, რომ თავად ნამდვილად მიემგზავრება.

"ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ. ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს... დღეს საღამოს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება... არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ", - თქვა სერგეენკომ.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა.

"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა [რუსლან] სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნახეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.

პაპუაშვილმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უწოდა ადამიანური და ისტორიული ვალი, რომელსაც შეასრულებენ, "უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებების" მიუხედავად.

"რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

მიწვევიდან მეორე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა მის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რეაქციას. სტეფანჩუკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენში მიწვევა დაახასიათა როგორც შეუსაბამო, მაშინ, როცა მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG