Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირზე შეჯდომა


ერთი სირცხვილია ვირზე შეჯდომა და მეორე - ვირიდან ჩამოვარდნაო, გვეუბნება ქართული ანდაზა.

თვენახევარზე მეტია უკრაინაში ომია და თვენახევარზე მეტია ვხედავთ, როგორ ეშარება და ეშაირება საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებები ერთმანეთს, როგორ არ არჩენს სიტყვას მის ტერიტორიაზე შეჭრილ მტერთან უსასტიკეს ომში ჩაბმულ ქვეყანას თბილისი, რომელსაც, ნაცვლად მოქმედებებისა და განცხადებების სინქრონიზებისა, ანუ თუნდაც "ოქრო დუმილისა", ფაქტობრივად სიტყვების ცივი ომი აქვს კიევთან.

როცა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგას შოთა რუსთაველის აფორიზმი შეახსენა, „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდადო“, ეგრევე წარმოვიდგინე ტრიბუნაზე შემდგარი კოლექტიური მამუკა მდინარაძე, რომელიც დამახასიათებელი ტრუსკავეცული (ე.ი. უსაფუძვლო) თავდაჯერებით უხსნის ბატონ სტეფანჩუკს, რომ შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი ომის ქართული (თუ ქართული ომის) პარტიის ლიდერებს და, რომ ვინმე მესხი მელექსის გარდა, არსებობს არანაკლები მნიშვნელობის ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშები, რომლებიც უფრო ზუსტად გამოხატავენ ქართველი ერის გულის წადილს, ვიდრე ქართულად ნათარგმანები სპარსული ამბის არაბი და ინდოელი პერსონაჟები. აი, მაგალითადო, იტყოდა და მოჰყვებოდა:

შიში მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო
სხვისი საფლავი არავის ამოუვსია
შორეულ მოყვარეს ახლობელი მტერი გერჩიოსო
რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო
სადაც არა სჯობს, გაცლას სჯობს, კარგისა, მამაცისასა
მტერს გობითო, მოყვარეს კოვზითო
დათვი თუ მოგერია, ბაბაია დაუძახეო
გამოუდექ სიმართლესო, გამოგილევს სინათლესო
და ა.შ.

სინამდვილეში მთელი ქართული ხალხური სიტყვიერება (რომ არაფერი ვთქვათ „ვეფხისტყაოსანზე“) რაინდობას, ვაჟკაცობას, მეგობრისთვის თავგანწირვას და ალტრუიზმს უმღერს; სინამდვილეში ზემოთმოყვანილი კონფორმისტული ნიმუშები თითო-ოროლა წვეთად არის ჩაკარგული ქართული ხალხური სიტყვიერების ნონკონფორმისტული ნიმუშების ნამდვილ ოკეანეში; სინამდვილეში არც ისტორიაში და არც, ზოგადად, კულტურაში არაფერი გვაქვს ისეთი, რაც საქართველოს ხელისუფლების ამგვარ უგულო „პრაგმატიზმს“ გაამართლებდა, მით უფრო, რომ არაფერს ისეთს არ ითხოვს მეგობარი უკრაინა საქართველოსგან, რაც თავის დროზე, როცა განსაცდელში ვიყავით, თვითონ არ მოუცია.

მაინც რას ითხოვს უკრაინა მეგობარი საქართველოს ხელისუფლებისგან?

  • გვერდში დგომას ანუ უკრაინაში ჩასვლას ისე, როგორც ჩადიან სხვა მეგობარი ქვეყნების ლიდერები (პასუხად შ. პაპუაშვილის უარი ბუჩაში ჩასვლაზე და ი. კობახიძის ულტიმატუმი)
  • ყველა სახის შემწეობას, მათ შორის მატერიალურს და განსაკუთრებით ე.წ. სანქციურს (პასუხად ი. ღარიბაშვილის „საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“)
  • დახმარებას, მათ შორის სამხედრო სახისას მოხალისეების ჩათვლით (პასუხად „მოხალისეების გაგზავნა ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას“)

უკრაინის ხელისუფლების ყველა განცხადებას, აშკარაა, საფუძვლად უდევს მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციიდან გამომდინარე მოლოდინი, რაც ბუნებრივია, სრულ ჰარმონიაშია ჩვენს ღირებულებებთან, მათ შორის იმასთან, რასაც გვასწავლის რუსლან სტეფანჩუკის მიერ ციტირებული შოთა რუსთაველი:

„სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა“.

რუსთაველის ეს სტროფი სრულად შეესაბამება უკრაინის ხელისუფლების წარმოდგენას მეგობრობასა და მოყვრობაზე, რაც სხვა არაფერია თუ არა გვერდში დგომა („სიშორისა ვერ-მოთმენა“), ხელის გამართვა („ჩუქებისა არ-მოწყენა“) და ფიზიკური დახმარება („მისად რგებად ველთა რბენა“).

უცნაურია, ვერც ერთ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდე და იქით ამადლიდე მეგობარს მეგობრობას; უცნაურია, დღენიადაგ მეგობრის მტრის არგაღიზიანებაზე ზრუნავდე, თანაც იმდენად, რომ ხან რუსეთის ხელისუფლება გიხდიდეს მადლობას და ხან მისი გულისამრევი პროპაგანდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინას და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს. გასაგებია, რომ ეს მტერი სასტიკი და თავზეხელაღებულია, მაგრამ ისეც არ უნდა მოიქცე და ისეთი რამეები არ უნდა ილაპარაკო, რომ ისევ რუსლან სტეფანჩუკმა შეგახსენოს ქართული ანდაზა, მანამ ხმალი მოვიდოდა, ენამ თავი მომჭრაო.

კოლექტიური მდინარაძე კი ამტკიცებს, რომ "უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ" და შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლება მოქმედებს არა მხოლოდ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის შესაბამისად.

ამავე ლოგიკითა და შეთქმულების თეორიის საუკეთესო ტრადიციებით, „ქართული ოცნების“ ოპონენტებმაც შეიძლება ამტკიცონ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხელმძღვანელობს არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით და, თუ ამას დავუშვებთ, მართლაც მარტივად აიხსნება, რატომ გაცივდა საქართველოს ურთიერთობა უკრაინასთან და რატომ დათბა რუსეთთან, თუმცა, როგორც უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლება ისეთ სიჯიუტეს იჩენს უკრაინის ხელისუფლებასთან გაჩაღებულ „სიტყვების ომში“, რომ, მოგეჩვენება, მზად არის ოპოზიციასთან დაპირისპირებას გადააყოლოს საქართველოს არაერთი თაობის ოცნება და არჩევანი. ასეთ გაჯიუტებას ქართლსა და კახეთში ვირზე შეჯდომას ეძახიან და ვიდრე რუსლან სტეფანჩუკი ან მიხაილო პოდოლიაკი შეახსენებენ, კარგი იქნებოდა თავად მიხვდეს ხელისუფლება, რომ, თუ არ ჩამოვლენ ვირიდან, კიდევ უფრო მეტ სირცხვილს ჭამენ, რადგან ვირზე შეჯდომა ერთი სირცხვილია და ვირიდან ჩამოვარდნა კიდე - მეორე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG