Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადის თავმჯდომარე პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობას მიესალმება


რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის რადის თავმჯდომარე (მარცხნივ) და შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (მარჯვნივ).
რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის რადის თავმჯდომარე (მარცხნივ) და შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (მარჯვნივ).

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა ეწვიოს უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, - წერს ფეისბუკის გვერდზე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.

ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობა ამოიწურა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტარებს, თავისი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვიპოვით შეხების წერტილებს ჩვენი ნათელი მომავლის მშენებლობის გასაგრძელებლად. ჩვენ ბევრად მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განმასხვავებელი", - წერს სტეფანჩუკი.

მანამდე საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის, ონლაინშეხვედრის თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, „მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში“.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ცნობაში არა მითითებული უკრაინაში შალვა პაპუაშვილის სადეპუტატო დელეგაციასთან ერთად ვიზიტის თაობაზე. ეს საკითხი ჯერჯერობით სრულყოფილად არ არის შეთანხმებული და როგორც დღეს, 13 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შესაძლოა უკრაინაში ორი დელეგაცია წავიდეს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მაინც და მაინც მისაღები ომის პარტიასთან ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. აქ მოცემულობა არის უკვე შეცვლილი - ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი გადაიხედება ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მანვე განმარტა, რომ მხედველობაში მიიღეს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს" მისცა. კობახიძის განცხადებით, ინტერვიუ შეიცავდა „ოპტიმიზმით გაჯერებულ გზავნილებს ორმხრივი მიმართულებით“, რაც გახდა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

XS
SM
MD
LG