ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიით 13 აპრილს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სარდლობა და პირადი შემადგენლობა გლოვობს სპეცდანიშნულების ბატალიონის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, რუსლან ბესაევის გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბესაევი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი იყო და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობდა. ცხინვალში ამ ომს რუსეთის სპეცოპერაციას უწოდებენ. ბესაევი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.
დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსლან ბესაევი დაიბადა 1986 წლის 14 ივლისს. ის სხვადასხვა დროს მსახურობდა სამშვიდობო ძალების ოსურ ბატალიონში, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგ დანაყოფებში (საარტილერიო ბატალიონი, სპეცდანიშნულების ბატალიონი) და მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.
დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისეების და ჯარისკაცების დაღუპვის ეს მესამე შემთხვევაა. მანამდე გავრცელდა ცნობა ჯარისკაც ანდრეი ბაკაევის და მოგვიანებით კი სამხედრო მოხალისის, მომღერალ რობერტ ყულუმბეგოვის დაღუპვის შესახებ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გააგზავნე და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის, მისი სიტყვებით კი, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ აქვს გამოცხადებული და ის, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მათ შორის, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 13 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან, დაღუპულია 191 ბავშვი და დაჭრილია -349-ზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი - 113 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა.
დაწერეთ კომენტარი