Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი უკრაინის დელეგაციაში ყოფნას ყველა ოპოზიციურ ჯგუფს სთავაზობს 


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს სთავაზობს უკრაინის დელეგაციაში ჩასმას. ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

"ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული - გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეთავაზება გვქონდა, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.

მართალია, ამ შემთხვევაში, უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ, არ გაიზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო ", - თქვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ახლა ორგანიზაციულ საკითხებს არკვევენ და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს სთხოვს, მიაწოდოს იმ პოლიტიკოსის ვინაობა, ვისი ჩასმაც სურთ უკრაინის დელეგაციაში:

"მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი".

გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.

როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG