უკრაინაში ბინები, ავტომანქანები და მიწის ნაკვეთები, სულ 154 ობიექტი დაუყადაღეს პრორუს პოლიტიკოსს, პრეზიდენტ პუტინთან ახლო კავშირის მქონე ვიქტორ მედვედჩუკს და მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს.
უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია 26 ავტომობილი, 23 სახლი, 32 ბინა, მიწის 30 ნაკვეთი და სხვა ქონება.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამაა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში. 2021 წლის მაისიდან, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს, ღამით, ფოტოებთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაცია“. ბაკანოვს მედვედჩუკის დაკავების ადგილი არ დაუსახელებია.
12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,რომ ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროდ შენიღბული ცდილობდა საზღვარგარეთ გაქცევას. ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა „მათი ბიჭის“ გაცვლა უკრაინელ ტყვეებში.
13 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა მოსკოვში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან", უცხოელი პოლიტიკური მოღვაწეა და საერთოდ, არც ის იციან, სურს თუ არა თავად მედვედჩუკს სიტუაციის მოგვარებაში რუსეთის მონაწილეობა.
ვიქტორ მედვედჩუკის ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ 13 აპრილს, Youtube-ით გამოაქვეყნა მიმართვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი და მოითხოვა მისი ქმრის და „ოპოზიციის ლიდერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება". მარჩენკო აცხადებს, რომ მისი ქმარი უკანონოდ დააკავეს და პოლიტიკური მოტივით იდევნება, რადგან კანონი არ დაურღვევია და ყოველთვის მშვიდობის მომხრე იყო. ვიქტორ მედვედჩუკის ცოლმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი, რუსულენოვანი ვიდეომიმართვა, რომელშიც შუამავლობას სთხოვს თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს.
დაწერეთ კომენტარი