Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2021 წელს დევნილთა მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი 85 მილიონიდან, სამინისტრომ მხოლოდ 43.6 მილიონი აითვისა - IDFI


თბილისი, ზღვის უბანი, დევნილთა საერთო საცხოვრებელი.
თბილისი, ზღვის უბანი, დევნილთა საერთო საცხოვრებელი.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების საკითხზე გამოკვლევას აქვეყნებს.

გამოკვლევაში, „საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები: 2017-2021 წლების სახელმწიფო პოლიტიკა“, რამდენიმე მიგნება არის გამოყოფილი:

  • დევნილი ოჯახების დაახლოებით 50% (45 903 ოჯახი) კვლავ არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფომ 10,622 ოჯახი დააკმაყოფილა. არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, სახელმწიფოს მინიმუმ 20 წელი დაჭირდება ყველა დევნილი ოჯახის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის;
  • 2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროექტებზე სულ დახარჯულია დაახლოებით 513 მილიონი ლარი, რომლის 94% პროცენტი წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებს;
  • დევნილთა მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამების ფაქტობრივი ხარჯები 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 44 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 67 მილიონი ლარით შემცირდა'
  • 2021 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მენაშენეების საკონკურსო პროექტით დაინტერესება და დევნილთა საცხოვრებელი ფართების სათანადო შესყიდვა. შედეგად, დევნილთა მხარდამჭერი პროგრამისთვის დაგეგმილი 85 მილიონი ლარიდან, აითვისა მხოლოდ 43.6 მილიონი ლარი;
  • დევნილთა მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული პროგრამების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან გადასახდელებში, 2018-2019 წლებში შეადგენდა 1%-ს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 0.7%-მდე, ხოლო 2021 წელს - 0.4%-მდე შემცირდა;
  • 2008-2016 წლებში დევნილთა განსახლებისთვის გაწეული ხარჯების 70%-ს (470 მილიონი ლარი) წარმოადგენდა საერთაშორისო დაფინანსება, ხოლო 2017 წლის შემდეგ საინვესტიციო გრანტის სახით სახელმწიფოს მიღებული აქვს მხოლოდ 33 მილიონი ლარი;
  • 2017-2021 წლებში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართის (128 524 კვ.მ საცხოვრებელი ფართი) მშენებლობებზე გაწეულია 120.5 მილიონი ლარის ხარჯი;
  • 2017-2021 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, კვადრატული საცხოვრებელი ფართის მიხედვით, 467 ლარიდან 1,230 ლარამდე მერყეობს;
  • 2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროგრამებზე გათვალისწინებულ თანხებს მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებსა და დანამატებზე გაწეული ხარჯები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული პრემია/დანამატები შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ბიუჯეტის მონიტორი.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული პრემია/დანამატები შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ბიუჯეტის მონიტორი.

გამოკვლევაში ვკითხულობთ: „იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით, დევნილი ოჯახების ნახევარი კვლავ რჩება მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არცერთი ხელისუფლების პირობებში დევნილების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ ყოფილა განსაზღვრული სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად.

ვინაიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი დაკარგეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოს ყველა ხელისუფლება ვალდებული იყო სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად განესაზღვრათ დევნილების მუდმივი საცხოვრებლით დროული უზრუნველყოფა და არსებული საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, სახელმწიფო სახსრების გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად დაეჩქარებინათ დევნილი ოჯახებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესი".

დღეის მდგომარეობით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, IDFI მიიჩნევს, რომ დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაჩქარებისთვის აუცილებელია:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად, გაიზარდოს დევნილი ოჯახების განსახლებისთვის არსებული დაფინანსება. კერძოდ, ყველა დევნილი ოჯახის განსახლების უზრუნველყოფამდე, საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით ყოველწლიურად გამოსაყოფი დაფინანსების პროცენტული ქვედა ზღვარი (ბიუჯეტის საერთო გადასახდელების მინიმუმ 1%).
  • გაიზარდოს სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების ეფექტიანობა, რაც გამორიცხავს ამ მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსების ათვისების პრობლემას.
  • საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს დევნილთა განსახლების დაფინანსებისთვის დონორი ორგანიზაციების მოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG