Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვაო ქვეითების მეთაური აცხადებს, რომ მარიუპოლში სიტუაცია კრიტიკულია


მარიუპოლის სატელიტური ფოტო. 2022 წლის 9 აპრილი.

უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურის, მაიორ სერგეი ვოლინას ინფორმაციით, მარიუპოლში კრიტიკული სიტუაციაა. ვოლინა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქალაქი უმოკლეს ხანში განბლოკოს სამხედრო ან პოლიტიკური გზით.

36-ე ბრიგადის მეთაურმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს უთხრა, რომ 15 აპრილის დილის მდგომარეობით, მარიუპოლის დამცველები განაგრძობენ მტერთან სასტიკ ბრძოლას, მოწინააღმდეგე კი, ისევ აგრესიულ შეტევაზეა.

ვოლინას შეფასებით, სიტუაციის გადაწყვეტა შესაძლებელია ან მკვეთრი სამხედრო ოპერაციით, ან პოლიტიკური გადაწყვეტილებით. 36-ე ბრიგადის მეთაური მიიჩნევს, რომ მარიუპოლის განბლოკვა ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოცდილი მეთაურების და აუცილებელი საშუალებების უმოკლეს დროში მობილიზების შემთხვევაში. ვოლინას განცხადებით, ქალაქის დამცველები დანებებას არ აპირებენ და მზად არიან ბრძოლის გასაგრძელებლად, მაგრამ სიტუაცია უარესდება.

ერთი დღით ადრე, 14 აპრილს, მარიუპოლის დამცველი კიდევ ერთი შენაერთის, პოლკ „აზოვის“ მეთაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალაქის განბლოკვა შესაძლებელია და უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან მტკიცე გადაწყვეტილებებს ელოდებიან.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG