Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გააძლიერებს კიევზე თავდასხმებს. განცხადება „მოსკვას“ დაკარგვიდან ერთი დღის შემდეგ


რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საფლაგმანო გემი, "მოსკვა," რომელიც დაზიანების შედეგად 14 აპრილს ჩაიძირა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს განაცხადა, რომ გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის დედაქალაქ კიევზე მას შემდეგ, რაც უკრაინა დაადანაშაულა რუსეთის სასაზღვრო ქალაქებზე თავდასხმაში.

განცხადება გაკეთდა ერთი დღეში მას მერე, რაც რუსეთმა სიმბოლური მარცხი განიცადა თავისი შავი ზღვის ფლოტის საფლაგმანო გემის, "მოსკვის" დაკარგვით, რომელიც 14 აპრილს პორტში ბუქსირებისას ჩაიძირა მას შემდეგ, რაც ძლიერ დაზიანდა სადავო გარემოებებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევში ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების რაოდენობა და მასშტაბები "გაიზრდება", "რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმის ან დივერსიის" საპასუხოდ. უკრაინის სამხრეთის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა, განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მოელის, რომ რუსეთი შურს იძიებს. "მოსკვაზე" დარტყმამ "არა მხოლოდ საკუთრივ გემს, არამედ მტრის იმპერიულ ამბიციებს დაარტყა. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამას არ გვაპატიებენ", თქვა მან.

რუსეთის ჯარებმა ცეცხლი დაუშინეს ლუგანსკის რეგიონის თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტს, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განაცხადა უკრაინის ხელისუფლებამ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი აფეთქებები გაისმა კიევშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა დაარტყეს სამხედრო ქარხანას კიევთან ახლოს, 14 აპრილს, გვიან საღამოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG