ვნების კვირის პარასკევს, 15 აპრილს, რომში, კოლოსეუმში, კათოლიკეთა მამამთავარმა, რომის პაპმა, წინასწარ დაგეგმილი პროგრამის მიხედვით ჩაატარა იესოს „ჯვრის გზის“ მსვლელობა, რომლის დროსაც ხის ჯვარი უკრაინელ და რუს ქალებს ეჭირათ ხელში. რიტუალი ასახავს იესოს ცხოვრების ბოლო ეტაპებს.
ვატიკანში უკრაინის ელჩმა, ასევე კიევის ბერძნულ-კათოლიკე მთავარეპისკოპოსმა ამ ფორმით მსვლელობის მოწყობის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს წინასწარვე და განაცხადეს, რომ ეს „შერიგების ნაჩქარევი ჟესტია.“ პროტესტის ნიშნად უკრაინის კათოლიკურმა მედიამ „ჯვრის გზა“ პირდაპირ არ გადასცა ეთერში, როგორც ეს ყოველწლიურად ხდებოდა ხოლმე.
ათი ათასამდე ქრისტიანი მონაწილეობდა ტრადიციულ „ჯვრის გზის“ მსვლელობაში. ბევრი მორწმუნე კათოლიკე მიესალმა გადაწყვეტილებას, უკრაინელსა და რუს ქალების ეტარებინათ ერთად ჯვარი. ისინი რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობენ და მეგობრები არიან. ვატიკანს არ უპასუხია კრიტიკაზე და თავის პროგრამაში ცვლილებაზეც არაფერი გამოუცხადებია. 85 წლის პაპი ფრანცისკე წინ უნდა გასძღოლოდა მსვლელობას, რომელიც პანდემიის დაწყებიდან პირველად განახლდა. 15 აპრილს, პაპმა ვნების შვიდეულის პარასკევის ღვთისმსახურება წითელ სამოსში ჩაატარა წმინდა პეტრეს ტაძარში. როგორც ყოველთვის, ამ დღეს, პაპს არ უქადაგია. კარდინალმა რანიერო კანტალამესამ განაცხადა, რომ „წელს აღდგომას არა ზარების სასიხარულო რეკვით აღვნიშნავთ, არამედ ბომბების აფეთქების ხმის ფონზე, რაც აქვე ახლო ხდება,“ თქვა კარდინალმა, რომელიც უკრაინას გულისხმობდა. კანტალამესამ პერიფრაზი გააკეთა მშვიდობისკენ ბიბლიური მოწოდებისა მახვილისგან სახნისის და შუბებისგან ნამგლების გამოჭედვის შესახებ და თქვა, რომ „რაკეტები ფაბრიკებად და სახლებად“ უნდა გადაკეთდეს.
ფრანცისკემ, რომელიც უკრაინის ომში დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად, რისთვისაც თვითონაც არის მზად ჩავიდეს უკრაინაში, გამოხატა თავისი პაციფისტური პოზიცია იტალიის RAI-ის ტელეარხთან საუბრისას და განმარტა: "ჩვენ ვცხოვრობთ იმ იდეის თანახმად, რომ ერთმანეთს ვხოცავთ, რადგან ძალაუფლება, უსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა რამ გვჭირდება", თქვა მან. მაგრამ, პაპის თქმით, მას "ესმის მთავრობებისა, როცა ისინი იარაღს ყიდულობენ, მაგრამ არ ეთანხმება ამას".