რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2021 წელს გასამრჯელოს სახით 19,2 მილიონი რუბლი მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ პუტინის დეკლარაციაში.
რუსეთის პრეზიდენტის შემოსავალი 2020 წელს 9,99-ს, 2019-ში - 9, 72-ს, ხოლო 2018 წელს - 8,6 მილიონ რუბლს შეადგენდა.
პუტინის სახელზე ირიცხება ასევე 77 და 153,7 კვადრატული მეტრის ფართობის ბინები, ორი გარაჟი და ორი „გაზ 21-მ“-ისა და „ნივის“ კლასის ავტომანქანები, ასევე მისაბმელი „სკიფი“.
რუსეთის პრეზიდენტის დეკლარაციით მთელი მისი ქონება რუსეთში ინახება.
თუმცა ცნობილი ანტიკორუფციონერი ბლოგერი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი მიიჩნევს, რომ პუტინი არაერთ უკანონო შემოსავალს ფლობს. დიდი გამოხმაურება ჰქონდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომელშიც გახსნილია გელენჯიკში „პუტინის სასახლის“ მშენებლობის დაფინანსების სქემა და ასევე ნაჩვენებია ამ ფეშენებელური სასახლის ინტერიერი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, 2021 წელს 18,3 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. 2020-ში მისი შემოსავალი უფრო მეტს, 19,8 მილიონ რუბლს შეადგენდა.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა წლის განმავლობაში 14,5 მილიონი რუბლის გასამრჯელო მიიღო, ხოლო მისი მეუღლის, ტატიანა ნავკას შემოსავალი 218,5 მილიონ რუბლს შეადგენს.