Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად საშიშია მეგრული და სვანური ენები (მაგრამ არა დიალექტები)?


გია ნოდია
გია ნოდია

მეგრული და სვანური ენებია თუ ქართულის დიალექტები? ეს საკითხი მთავარ თემად აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ, რომ სახელმწიფომ ამ ენების დაცვაზე უნდა იზრუნოს და, კერძოდ, სკოლებში არჩევით საგნად აქციოს. ოპონენტებმა ამ აზრში სეპარატიზმის გაღვივების საფრთხე დაინახეს. რაც, მათი აზრით, იმ მომენტიდან ჩნდება, როცა დიალექტს ენად გამოაცხადებ.

ჩემს ფეისბუკ-საფრენდეთში განწყობა თითქმის ერთსულოვანი იყო: მეგრული და სვანური ენებია, ამის თქმის არ უნდა შეგვეშინდეს და მეტიც, ასეთი შიში მეგრელებსა და სვანებს შეურაცხყოფს. ვიცი, რომ ჩემი „ფრენდების“ ერთობლიობა და ქართული საზოგადოება სხვადასხვაა. მაგრამ თუნდაც ამ პატარა სეგმენტის განწყობაც მაფიქრებინებს, რომ აღარ გვეშინია, მეგრული და სვანური ენების არსებობა ვაღიაროთ.

რამდენიმე ათეული წლის წინ ეს ასე არ იყო. ჩემს ახალგაზრდობაში, მეგრულის და სვანურის „მხოლოდ“ დიალექტებად მონათვლა პოლიტკორექტულობის სავალდებულო მოთხოვნად რჩებოდა. საპირისპიროს საჯაროდ და კატეგორიულად თითქმის არავინ ამტკიცებდა, თუმცა „შინაურობაში“ შეიძლებოდა სხვაგვარად ელაპარაკა. რა შეიცვალა?

ლინგვისტური ნაციონალიზმი და მისი მოთხოვნები

მეც მგონია, რომ მეგრული და სვანური ენებია და, მეტიც, მათი არსებობა ჩვენი კულტურული სიმდიდრის გამოვლენად უნდა მივიჩნიოთ და არა ერთიანობის გამოწვევად. მაგრამ რა არგუმენტზე დაყრდნობით შემიძლია ამის თქმა? რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რისი ეშინია მათ, ვისაც ამის ეშინია?

გულუბრყვილოა პოპულარული მოსაზრება, თითქოს მეგრულის და სვანურის, როგორც ენების (და არა დიალექტების) სტატუსი ენათმეცნიერების მიერ ობიექტურად დადგენილია, ამიტომ საპირისპიროს მტკიცება უვიცობაა. სინამდვილეში, ენის და დიალექტის განსხვავებას ენათმეცნიერებს ნაკლებად ეკითხებიან. პრაქტიკაში, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.

ამ მიდგომის არსს კარგად გამოხატავს ფორმულა: „ენა არის დიალექტი, რომელსაც საკუთარი არმია და ფლოტი აქვს.“ ამ გამონათქვამის ავტორი უცნობია, თუმცა ნაციონალიზმის შესახებ წიგნებში მის ციტირებას ხშირად წააწყდებით.

რა იგულისხმება ამ უცნაურ გამონათქვამში, რომელიც, ცხადია, პირდაპირი აზრით არ უნდა გავიგოთ? არსებობს სალაპარაკო ენები და სალიტერატურო ენები. ეს უკანასკნელნი, ჩვეულებრივ, პოლიტიკური ძალაუფლების და, ამავე დროს, „მაღალი“, დამწერლობითი კულტურის ენებია. თავდაპირველად, „მაღალი“ ენები ძირითადად იმით გამოირჩეოდა, რომ მათზე საღვთო, რელიგიური ტექსტები იწერებოდა. მაგრამ ახალ დროში სალიტერატურო ენის სტატუსი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პოლიტიკურ იდეას - ნაციონალიზმს დაუკავშირდა.

ამ უკანასკნელის თანახმად, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, ანუ პოლიტიკური ძალაუფლება უნდა ებაროს ხალხს, რომელიც ამავე დროს ერია. ოღონდ რა აქცევს ხალხს ერად? ამ კითხვაზე ცალსახა და ყველასათვის მისაღები პასუხი არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი პოპულარული აზრით, ერს პირველ რიგში აერთიანებს საერთო ენა. ამ შეხედულებას „ლინგვისტური ნაციონალიზმი“ დაერქვა. მის მიხედვით, იმისათვის, რომ ხალხი ერად ჩაითვალოს და ჰქონდეს ლეგიტიმური პრეტენზია საკუთარ სახელმწიფოზე (ფიგურალურად, არმიასა და ფლოტზე), მას უნდა ჰქონდეს სალიტერატურო ენა, ანუ ისეთი ენა, რომელსაც სახელმწიფო სტატუსი შეიძლება მიენიჭოს.

ეროვნული ენის განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ მოითხოვა მისი სტანდარტიზაცია და, ამავე დროს, სალაპარაკო დიალექტებისგან მკაფიო გამიჯვნა. შეიქმნა ნორმატიული გრამატიკები, ლექსიკონები, მართლწერის წესები; ენის მოცემული ფორმა იქცევა სახელმწიფო ბიუროკრატიის, განათლების სისტემის, მედიის ენად. ამ ენას ერქმევა „სწორი“, „გამართული“, ხოლო ენობრივ ფორმებს და პრაქტიკებს, რაც ამ ნორმას შორდება, „დიალექტად“ ან „ჟარგონად“ მოიხსენიება. ოღონდ ენათმეცნიერება ვერ დაადგენს რაიმე ობიექტურ კრიტერიუმს, რითაც ენა დიალექტს „ჯობია“: მათ შორის სტატუსურ განსხვავებას შეთანხმება და ტრადიცია ადგენს.

ზოგ, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, სალიტერატუროს სტატუსი მიენიჭა ენას, რომელზეც უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა მაღალი კულტურა; სხვაგან, მაგალითად, ესტონეთში სტანდარტული სალიტერატურო ენა მე-19 საუკუნეში შეიქმნა სალაპარაკო ენის ერთ-ერთი ფორმის საფუძველზე. მაგრამ პოლიტიკურად, ხანგრძლივი ისტორიის ქონა-არქონას მნიშვნელობა არა აქვს: მთავარია, სალიტერატურო ენამ „იმუშაოს“: მასზე პოლიტიკური მანიფესტები, რომანები, საგაზეთო სტატიები თუ სამეცნიერო შრომები დაიწეროს, ხალხმა კი ისინი წაიკითხოს.

თუ „ლინგვისტური ნაციონალიზმის“ ხედვიდან გამოვალთ, შიში იმის წინაშე, რომ მეგრულს და სვანურს ენები ვუწოდოთ, სრულიად ლოგიკურია. თუ ერის ძირითადი ნიშანი საკუთარი ენაა, განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი სხვა ერი გამოდის; ხოლო თუ ის სხვა ერია, ადრე თუ გვიან თავის „არმიასა და ფლოტს“, ანუ ცალკე სახელმწიფოს მოითხოვს. მაგრამ რამდენად აუცილებელია, ეს ხედვა გავიზიაროთ?

შეუძლია თუ არა ენათმეცნიერებას ენის და დიალექტის განსხვავება?

ლინგვისტური ნაციონალიზმი, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს, რომ ენებს და დიალექტებს შორის განსხვავება ობიექტურად არსებობს და ლინგვისტებს სანდო კრიტერიუმები აქვთ მის დასადგენად. მაგრამ ასეა?

ნებისმიერი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადამიანები სხვადასხვაგვარად ლაპარაკობენ; ზოგ შემთხვევაში, განსხვავებული („დიალექტური“) ენობრივი ნორმები მცირედ შორდება ნორმატიულად აღიარებულ სალიტერატურო ენას, ზოგან - უფრო მეტად. ლინგვისტები ამას „დიალექტურ კონტინუუმს“ უწოდებენ. ენასა და დიალექტს შორის მკაფიო გამიჯვნა მოითხოვს, ამ კონტინუუმში არსებობდეს რაღაც „წითელი ხაზი“, რომლის იქით დიალექტს ცალკე ენა შეიძლება ვუწოდოთ. მაგალითად, ასეთად შეგვიძლია ჩავთვალოთ დაშორების ის ხარისხი, როცა უცხო დიალექტზე საუბარი აღარ გვესმის: თუ არ გვესმის, უკვე ენა ყოფილა. ჩვენი შემთხვევა რომ ავიღოთ, თბილისელს არ გაუჭირდება, იმერლის ან აჭარლის საუბარი გაიგოს, მაგრამ მეგრულზე და სვანურზე იმავეს ვერ ვიტყვით. ესე იგი, პირველი ორი დიალექტია, მეორე ორი კი - ენა (თუმცა, ქართულის მონათესავე).

ესეც პირობითია: ხანდახან, უცხო დიალექტი თითქოს გვესმის, თუმცა მთლად არა. მაგრამ, თუ ობიექტური, პოლიტიკისგან დაცლილი კრიტერიუმი გვინდა, ის სადღაც აქ უნდა ვეძებოთ.

ოღონდ, თუ ლინგვისტური ნაციონალიზმის პრაქტიკას შევხედავთ, ყველანაირი „ობიექტური“ კრიტერიუმი თავზე დაგვემხობა. აზერბაიჯანული ენაა თუ თურქულის დიალექტი? უკრაინული ენაა თუ რუსულის დიალექტი? მაკედონიური ენაა თუ ბულგარულის დიალექტი? ან იქნებ, პირიქითაა: თურქულია აზერბაიჯანულის დიალექტი, ხოლო რუსული - უკრაინულის? ეს შეკითხვები ლინგვისტებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუსვათ, თუ არ გვინდა ჩვენი თავებიც და ისინიც შარში გავხვიოთ.

აზერბაიჯანელებს და თურქებს, ან ბულგარელებს და მაკედონიელებს ერთმანეთისა ადვილად ესმით; რუსმა შეიძლება უკრაინულიც გაიგოს, თუმცა გაჭირვებით. ენობრივი დისტანცია ყველა დასახელებულ შემთხვევაში გაცილებით მცირეა, ვიდრე ქართულსა და მეგრულს ან ქართულსა და სვანურს შორის. ვის ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ის ყბადაღებული არმია და ფლოტი?

საკითხი მხოლოდ პოლიტიკურად წყდება: მაკედონიური ენაა, იმიტომ რომ მაკედონიელები ცალკე ერად მიიჩნევენ თავს (და არა ბულგარელებად) და თავისი სახელმწიფო აქვთ. უკრაინული ენაა, იმიტომ რომ უკრაინელები ცალკე ერად მიიჩნევენ თავს და მზად არიან, თავისი დამოუკიდებლობა იარაღით ხელში დაიცვან. ზოგი ბულგარელი და ზოგი რუსი ამას არ ეთანხმება; ისინი იტყვიან, რომ მაკედონიური და უკრაინული მათი ენების დიალექტებია. ენათმეცნიერების ცოდნა-არცოდნასთან ამას არავითარი საერთო არა აქვთ. ენათმეცნიერთა საქმე მერე იწყება: თუ პოლიტიკურად გადაწყდა, რომ მაკედონიური, უკრაინული ან აზერბაიჯანული ცალკე ენებია, მათ ამ ენებისთვის გრამატიკები, ლექსიკონები და სახელმძღვანელოები უნდა დაწერონ.

შიშს დიდი თვალები არ უნდა ჰქონდეს

თუ გვინდა, მეგრული და სვანური ენების შიში მოვიშოროთ, ლინგვისტური ნაციონალიზმის დოგმატური გაგებიდან უნდა განვთავისუფლდეთ. ერები ისტორიულად მრავალი ფაქტორის გავლენით ყალიბდება - ენა ერთ-ერთია მათ შორის. მაგრამ საბოლოოდ, მის რაობას ადგენს ერად ყოფნის ნება, მყარი ერთიანი იდენტობა. შეიძლება ერს არც ჰქონდეს საკუთარი ექსკლუზიური ენა, მაგრამ ეს მისი, როგორც ცალკე ერის იდენტობას არ ასუსტებდეს. მაგალითად, ფლამანდიელებს არავითარ დისკომფორტს არ უქმნის იმის აღიარება, რომ მათი ენა ჰოლანდიურია: მთავარია, რომ ისინი თავს ჰოლანდიელებად არავითარ შემთხვევაში არ თვლიან. პირიქითაც: ერის შიგნით კულტურული, მათ შორის ლინგვისტური მრავალფეროვნება სულაც არ გამორიცხავს მასში ერთიანობის შეგნებას.

მე-19 საუკუნეში, ნაწილობრივ კი საბჭოთა დროსაც, მეგრული ან სვანური „ლინგვისტური სეპარატიზმის“ შიში უფრო გასაგები იყო. საქართველო, როგორც პოლიტიკური ერი არ არსებობდა და არავინ იცოდა, ვინ როგორ გამოიყენებდა მის შიგნით არსებულ ენობრივ განსხვავებებს. ზოგი „ობიექტური“ დასავლელი დამკვირვებელიც (მაგალითად, ბრიტანელი ლინგვისტი ჯორჯ ჰიუიტი) გამოთქვამდა მოლოდინებს, რომ ერთხელაც მეგრელები „გაიღვიძებენ“ და საკუთარი იდენტობის დასაცავად გამოვლენ ქართული ნაციონალიზმის წინააღმდეგ. ისიც დოგმატური ლინგვისტური ნაციონალიზმის ტყვეობაში იყო.

მაგრამ ბოლო სამმა ათწლეულმა აჩვენა, რომ თუმცა ქართველები ბევრი ნიშნით ვართ გაყოფილები და ბევრ არსებით საკითხზე ვერ ვთანხმდებით, კუთხური, მათ შორის ლინგვისტური განსხვავებები ამ უთანხმოებებისთვის ნაკლებ რელევანტურია. იმავე მეგრელებს თუ რაიმე სახის გამორჩეულობაზე ჰქონდათ პრეტენზია (განსაკუთრებით, 1990-იან წლების დასაწყისში) უფრო იმაზე, რომ ქართულ პატრიოტიზმს სხვებზე უფრო ძლიერად ავლენენ. თუ ვინმეს ჰქონდა რაიმე ნარჩენი ეჭვი მეგრელების თუ სვანების მყარ ქართულ იდენტობაზე, დღეს ეს საფუძველი აღარ არსებობს. შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვაცხადოთ „ხსნილი“ იმის თქმაზე, რომ მეგრული და სვანური ენებია და, მეტიც, არაფერი არ არის ცუდი იმაში, რომ ამ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე რაღაც ფორმით ვიზრუნოთ.

სხვა საკითხია, რამდენად რეალისტურია მოლოდინი, რომ მოსწავლეები ამ ენებს სკოლაში ისწავლიან, თუნდაც არჩევითი საგნების სტატუსით. ამ კუთხით, პრეზიდენტის შეთავაზებას სკეპტიკურად ვუყურებ. ენის სწავლა დროის და ძალისხმევის სერიოზული ინვესტიციაა; ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ასეთ ინვესტიციას პრაგმატული მოსაზრებით დებს. მარტივად რომ ვთქვათ, ენა რაღაცაში უნდა გამოგადგეს. მეგრული და სვანური ამ მხრივ ნაკლებ მიმზიდველი არჩევანია. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც იშვიათ, პრაქტიკაში ნაკლებ გამოყენებად ენებს რაღაც მოსაზრებით მაინც ისწავლის; მაგრამ საგანმანათლებლო სისტემას იშვიათ ენთუზიასტებს ვერ მოვარგებთ. მეგრულზე და სვანურზე სხვა ფორმით უნდა ვიზრუნოთ.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG