Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს 1 თვით გაჩერების გამო საკრებულომ "ალმას" კონტრაქტი 12 თვით გაუხანგრძლივა


თბილისის საკრებულომ სარეკლამო კომპანია "ალმას", პანდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთი თვით გაჩერების გამო, ხელშეკრულების ვადა 12-ჯერ მეტი ვადით გაუხანგრძლივა. გადაწყვეტილება საკრებულოს 15 აპრილის სხდომაზე მიიღეს.

პანდემიის დროს ტრანსპორტის გაჩერების მიღებული ზიანის დასათვლელად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს. ბიუროს დასკვნით, 1 თვით ტრანსპორტის გაჩერების გამო ხელშეკრულების ვადა 29 თვით უნდა გახანგრძლივებულიყო.

"ის თანხა, რაც ახლა ერთ თვეში აქვს გადახდილი, 20 წელში რა ღირებულების იქნება [დაითვალეს]... 20 წლის თავზე დასმული იქნა თანხები და შემდეგ ისევ გაიყო კონტრაქტის მთელ პერიოდზე", - თქვა მერიის თანამშრომელმა საკრებულოს საფინანსო კომისიის სხდომაზე.

მან განმარტა, რომ მხოლოდ ვადის გაგრძელებაზე იმ მიზეზით იმსჯელეს, რომ მუნიციპალიტეტი უარს ამბობდა ამ ერთი თვის საფასურის უკან დაბრუნებაზე. მერიის თანამშრომელმა ასევე თქვა, რომ მხარეები საბოლოოდ ხელშეკრულების ვადის 12 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

"ალმა" ერთადერთი სარეკლამო კომპანიაა, რომელიც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსების უფლებას 20 წლის ვადით ფლობს. ამისთვის მან 20 მილიონი ლარი გადაიხადა, ანუ ყოველ 12 თვეში 1 მილიონი ლარი. საკრებულომ ამ გადაწყვეტილებით, 84 ათასი ლარის დაბრუნების ნაცვლად, კომპანიას 916 ათასი ლარის ღირებულების მომსახურება დაუმატა.

"ალმა" ფლობს გარე რეკლამის განთავსების უფლებას საქართველოში არსებული ბილბორდებიდან უმრავლესზე. კომპანიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "სისხლიანი ბილბორდების" გამოსაფენად სივრცე გააქირავა ხელისუფლების სასარგებლო პლაკატებისთვის, მოგვიანებით კი მის შინაარსს გაემიჯნა.

ამავე კომპანიამ მოგვიანებით უარი უთხრა ოპოზიციურ პარტიას, "ევროპულ საქართველოს", მმართველი პარტიის საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე.

კომისიის 15 აპრილის სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემელაძემ თქვა, რომ პანდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 3,5 თვით გაჩერების გამო წინა მოწვევის საკრებულომაც შეიტანა ხელშეკრულებაში ცვლილებები. როგორც საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თქვეს, მაშინ თითოეული დაკარგული თვე დამატებით 6 თვით დააკომპენსირეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG