Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი რუსეთის მხრიდან შესაძლო შტურმისთვის ემზადება - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 აპრილს


კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქზე რუსეთის განმეორებითი შტურმისთვის ემზადებიან

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ემზადება რუსების ყველა შესაძლო სცენარისთვის, მათ შორის, კიევის ხელში ჩაგდების მეორე მცდელობისთვის. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ჟირნოვმა განაცხადა საინტერნეტო გამოცემა "ვეჩერნი კიევთან" ინტერვიუში.

აპრილის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა მთლიანად დატოვეს უკრაინის ჩრდილოეთით სამი რეგიონი - კიევი, ჩერნიგოვი და სუმი.

გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული ქმედებების დაგეგმვაში სდებდა ბრალს. „თუ ეს გაგრძელდება, მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრს, მათ შორის კიევს, რისგანაც რუსეთის არმია ამ დრომდე თავს იკავებდა“, - აცხადებდა რუსეთი.

წაიკითხე მეტი.

"ითხვისის მაღაროში" 30 წლის თანამშრომელი გარდაიცვალა

"ითხვისის მაღაროში" უბნის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. "ჯორჯიან მანგანეზი" მხოლოდ გარდაცვალების შესახებ იუწყება, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის.

გარდაცვლილი თანამშრომელი 30 წლის არის.

"შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიექტური გარემოების დასადგენად", - აცხადებენ კომპანიაში.

წაიკითხე მეტი.

ვითარება უკრაინაში: ხარკოვი ისევ დაიბომბა

5 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ქალაქ ხარკოვში რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი იერიშის შედეგად. რუსეთის არმიამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები გამოიყენა.

გუშინ ზაპოროჟიის ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ ბურიაკმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მისი შვილი გაიტაცეს. ბიჭი 16 წლისაა. 9 აპრილის მდგომარეობით ზაპოროჟიის რეგიონიდან 106 ადამიანი გაიტაცეს.

განახლებადი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს

17 აპრილიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი შეუერთდნენ. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ ადრე დამტკიცებული სანქციების ერთ-ერთი ზომას, რომლის თანახმად შეზღუდვები დაუწესდათ გემებსაც, რომლებმაც რუსული დროშა სხვა ქვეყნის დროშებით 24 თებერვლის, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის, შემდეგ შეცვალეს.

ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა განაცხადა, რომ მთელი ევროპა ცვლის თავის ეკონომიკურ საქმიანობას და სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება რუსეთისგან.

წაიკითხე მეტი.

პუტინი „ბირთვული ცდუნების“ ზღვარზე?

ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები წლებია ლაპარაკობენ ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებსა და შესაძლებლობაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პუტინმა ვრცლად და სერიოზულად ისაუბრა ამის შესახებ, მომდევნო წლებში კი შოკის მომგვრელად იხუმრა ბირთვულ ომში დაღუპულთა შორის განსხვავებაზე - ისინი ამოწყდებიან, ჩვენ კი სამოთხეში მოვხვდებითო. რუსეთის ხელისუფლება ბირთვული საფრთხის განეიტრალების შესახებ ლაპარაკობდა უკრაინაში შეჭრის წინ და ახლაც, როცა ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ჰელსინკისა და სტოკჰოლმს რეგიონში ბირთვული იარაღის განთავსებით დაემუქრა.

აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს პრაქტიკული მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვი რეალურად გეგმავს ასეთი უკიდურესი ზომების მიღებას, რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ან დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არ უნდა იქნეს აღქმული არასერიოზულად.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ღვინის ექსპორტიორი კომპანიები რუსული ბაზრიდან მილიონებს ელოდებიან. ვის აწყობს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება და რას მოუტანს ეს საქართველოს? "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება.

XS
SM
MD
LG