Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი საფრთხის შემცველად მიიჩნევს მისი მისამართით დადგმულ პერფორმანსებს


"გირჩი - მეტი თავისუფლებას" აქცია სუსის შენობასთან, 4 ნოემბერი, 2021 წელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლიურ ანგარიშში საუბრობს აქციებსა და პერფორმანსებზე, რომლებიც ამ სამსახურის მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეებმა გამართეს გასულ წელს. სუსი მიიჩნევს, რომ "ცალკეული სუბიექტებისა თუ პოლიტიკურად დაინტერესებული ძალების მიერ სამსახურის მისამართით დადგმული პერფორმანსები, მადისკრედიტებელი განცხადებები და მოწოდებები, ასევე, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციების მტკიცებითი ფორმით გავრცელება ამკვიდრებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირების სახიფათო ტენდენციას, რაც შესაძლოა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, გამოყენებულ იქნას არაერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ."

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ "მსგავსი დესტრუქციული კამპანიები აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას და მასში წარმოდგენილ სუბიექტებს, ხელს უწყობს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების მიმართ მოსახლეობის ინტერესის შემცირებას და, საბოლოო ჯამში, აფერხებს სახელმწიფოსა და ფართო საზოგადოების საერთო ძალისხმევას ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების კუთხით."

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ 2021 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორის წინააღმდეგ წინა წლებში დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიები, რომელთა უკანაც, მათი შეფასებით, პოლიტიკურად დაინტერესებული და ანგაჟირებული პირები დგანან, მათი მიზანი კი საზოგადოების განზრახ შეცდომაში შესაყვანად აბსურდული და დამაზიანებელი ბრალდებების გავრცელებაა, მათ შორის, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლობისა და სამსახურის ხელმძღვანელი პირების უკანონო კომერციულ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილეობის შესახებ.

წლიურ ანგარიშში უწყება საუბრობს სავარაუდოდ ფარული მიყურადების შედეგად შექმნილ და გავრცელებულ "საიდუმლო ფაილებზეც", რომლებმაც 2021 წელს რამდენიმე ეტაპად გამოჟონა სუსიდან და მიიჩნევს, რომ ამ თემაზე საუბარი გამოძიების დასრულებამდე კონკრეტული პოლიტიკური ძალების დღის წესრიგს წარმოადგენდა. ამ ფაილების გავრცელებას "განსაკუთრებით დამაზიანებლად" მიიჩნევს სუსი და წერს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს პროკურატურასთან ამ საქმის გამოძიებაზე.

"სამსახურის ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს, ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება და საზოგადოებას მიეწოდოს დადასტურებული ინფორმაცია", - წერია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG