Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერხოვნა რადაში წარადგინა კანონპროექტი "უკრაინაში საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გახანგრძლივების" თაობაზე.

ვერხოვნა რადის საიტის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის სახელით კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა 19 აპრილს, ანუ 6 დღით ადრე, ვიდრე საომარი მდგომარეობის არსებული ვადა ამოიწურება.
წინა კანონპროექტი მოიცავდა 30 დღიან პერიოდს. თავდაპირველად არ იყო ცნობა, თუ რა ვადით ითხოვდა საომარი მდგომარეობის გაგრძელებას უკრაინის პრეზიდენტი, მაგრამ მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ზელენსკი კიდევ ერთი თვით მიიჩნევს საჭიროდ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გარძელებას.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა 24 თებერვლიდან 26 მარტამდე, მას მერე, რაც რუსეთის არმიამ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, იერიში მიიტანა უკრაინაზე. რუსეთის ოფიციალური ფორმულირებით, ეს არის „სპეცოპერაცია დონბასში“, რომელიც უკრაინის სეპარატისტული, რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების თხოვნით დაიწყო, მაგრამ პირველ დღესვე რუსეთის არმია უკრაინის სიღრმეში შეიჭრა და დონბასს გარეთ არაერთ ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზეც, მიიტანა იერიში.

15 მარტს ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებას, საომარი მდგომარეობის 26 მარტიდან 25 აპრილამდე, ანუ კიდევ 30 დღით გახანგრძლივების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. დასავლეთის ქვეყნებმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთს. რუსეთი აცხადებს, რომ არ აქვს უკრაინის ოკუპაციის გეგმა და რომ მისი მიზანია ამ ქვეყნის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსეთის ავიაცია და არტილერია ბომბავენ ქალაქებს და სამოქალაქო ობიექტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG