Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები სერბეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს


კრისტოფერ ჰილი, აშშ-ის ელჩი სერბეთში და სენატორების დელეგაციის წევრები, კრის მერფი, ჯინ შაჰინი და ტომ ტილი.
კრისტოფერ ჰილი, აშშ-ის ელჩი სერბეთში და სენატორების დელეგაციის წევრები, კრის მერფი, ჯინ შაჰინი და ტომ ტილი.

აშშ-ის სენატორთა დელეგაციამ, რომელიც ბელგრადს სტუმრობს, სერბეთს მოუწოდა, შეუერთდეს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს და მხარი დაუჭიროს სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.

სამი წევრისგან შემდგარი დელეგაცია 19 აპრილს სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სერბეთმა თავისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში. დემოკრატი სენატორის, კრის მერფის თქმით, აშშ-ს ესმის, რომ სერბეთს რუსეთთან აკავშირებს ხანგრძლივი კულტურული და ეკონომიკური ისტორია, თუმცა "ახლა არის მომენტი, რომელიც ბადებს ძლიერ საფრთხეს, თუკი ჩვენ, როგორც დემოკრატიული თანამეგობრობა, ერთიან მესიჯს არ გავგზავნით უკრაინაში რუსეთის ქცევის შედეგების შესახებ".

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მერფიმ დასძინა, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ შეძლებს სერბეთის გვერდით დგომას "მომავალი კვირების და თვეების განმავლობაში, რუსეთისთვის მკაფიო მესიჯის გასაგზავნად". მერფიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც მხარს უჭერს სერბეთს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, ვუჩიჩს ნათქვამი აქვს, რომ სერბეთის მომავალს დანარჩენ ევროპასთან ერთად ხედავსო. შაჰინის თქმით, დელეგაცია მიიჩნევს, რომ თუკი მართლაც ეს არის მიზანი, "მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია იმ საგარეო პოლიტიკის გათვალისწინება, რომელსაც ამჟამად ევროკავშირი ატარებს".

XS
SM
MD
LG