Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპატურაი: ნატოს მთავრობებს სურთ დაინახონ რეფორმების გაგრძელება, ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო


ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით.
ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით.

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტი დასტურია ნატოს გადაწყვეტილებისა, მეტი გაკეთდეს ალიანსის პარტნიორებისთვის, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის გათვალისწინებით.

„მე ჩამოვედი ნატოს მთავრობების გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ საქართველოს და სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდასაჭერად ამ ძალიან რთულ გარემოში. რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უშიშროების რუკა ევროპაში და ის გრძელვადიანად შეცვალა. ეს გადაწყვეტილება ნატოს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა შეწყვიტოს ეს ომი, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაციისთვის, კიდევ ერთხელ, რათა ზეწოლა განვახორციელოთ ამ ომის შესაჩერებლად. ამას გარდა, მათ გადაწყვიტეს, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი უახლოესი პარტნიორების, მათ შორის, მხარდასაჭერად - ამიტომაც ვარ აქ, კიბერუსაფრთხოების სფეროში, ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროში, ენერგეტიკული უსაფრთხოების განსახილველად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისი სიტყვებით, კიბერთავდასხმები რუსეთის უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის ნაწილი იყო სამხედრო აგრესიის დაწყებამდეც და სამხედრო აგრესიის პარალელურადაც. ამიტომ, მისი განმარტებით, აუცილებელია, რომ საქართველომ, ისევე როგორც ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.

ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ამის გასაკეთებლად და ჩვენ გვაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ჰიბრიდულ თავდასხმებს - ესაა კოორდინირებული შეტევები დეზინფორმაციით, ენერგეტიკული კუთხით, ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს იდეები, რომლებსაც უფრო დეტალურად სპეციალისტებთან ერთად განვიხილავ. რაც შეეხება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საქართველოს როლი ევროპისთვის ენერგიის მიწოდების საქმეში უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ევროპის ქვეყნები აჩერებენ ენერგეტიკის მიწოდებას რუსეთიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც აქ განვიხილეთ - როგორ შეუძლია საქართველოს უკეთ დაიცვას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმებისგან, ფიზიკური თავდასხმებისგან და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ თანამშრომლობას ვაპირებთ წელს, მადრიდის სამიტისთვის, სადაც ველი, რომ ნატოს მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატოს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის, გვექნება კონკრეტული იდეები, რათა მეტი გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

შეკითხვის პასუხად, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ნატოს ღია კარის გაცხადებული პოლიტიკის კვალდაკვალ ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად, აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს მთავრობებს სურთ დაინახონ რეფორმების გაგრძელება.

„რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. ჩემი ხედვით, ნატოს მთავრობებისთვის ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ნატოს წევრობას. ეს ფართოდ აისახება პოლიტიკურ სისტემაზეც და კმაყოფილი ვიყავი, როდესაც მოვისმინე, რომ პარლამენტში ეს პოლიტიკური პოზიცია ყველა სპექტრს მოიცავს, ეს საკონსტიტუციო გადაწყვეტილებაა. თუმცა, ნატოს მთავრობებს ასევე სურთ დაინახონ რეფორმების გაგრძელება და ასევე ვიტყვი, რომ ისინი ისურვებდნენ დაინახონ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, დაინახონ მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა, დაინახონ გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური გამყოფი ხაზების ორივე მხარის მიერ მიიღება - პოლიტიკური გარემო აქ საკმაოდ პოლარიზებულია“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მან უპასუხა ასევე უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობაზე დასმულ შეკითხვას და ამ კონტექსტში საქართველოს როლსა და მნიშვნელობას გამოეხმაურა.

რაც შეეხება შეკითხვას სანქციების შესახებ - ნატო, როგორც ორგანიზაცია მონაწილეობას არ იღებს სანქციებში - ეს ჩვენი საქმე არ არის. შემიძლია ეს ვთქვა - ნათელია, რომ საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია გეოგრაფიული და უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ნატოს მთავრობებს სურთ დაინახონ, რომ ყველა ქვეყანამ - იქნება ეს საერთო აზრის მქონე თუ არა, მაგრამ, განსაკუთრებით საერთო აზრის ქვეყნებმა - გააკეთონ აბსოლუტური მაქსიმუმი, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას და ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე, რათა მათ დაასრულონ ეს ომი“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. აპატურაის მოხსენების თემაა NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.

ჯეიმს აპატურაი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში. ის ასევე შეხვდება ელჩებს.

ჯეიმს აპატურაი 2010-2019 წლებში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG