Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელოს" ინიციატივაა, საქართველოში აიკრძალოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოები


საპარლამენტო პარტიის, "ლელო საქართველოსთვის" ინიციატივაა, საქართველოში აიკრძალოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოები. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე დაასახელა კონკრეტული მაგალითებიც.

მისი თქმით, ამ აკრძალულ ჩამონათვალში უნდა მოხვდეს "წმინდა გიორგის ლენტი" და უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის სიმბოლოებად ქცეული ლათინური ასოები Z და V.

"დღეს, როცა თავისუფალი სამყარო ებრძვის რუსეთს უკრაინაში იმისთვის, რომ თავისუფლება, დემოკრატია და უკრაინის სუვერენიტეტი დაიცვას, ყველას გვესმის, რომ ყველანაირი მცდელობა, მათ შორის პროპაგანდისტული გზავნილებით და პროპაგანდისტული სიმბოლოების გამოყენებით რუსეთის აგრესიის და პუტინის რაშიზმის გამართლება, დაცვა, არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენებას", - თქვა სამადაშვილმა.

საქართველოში მოქმედებს კანონი "თავისუფლების ქარტია", რომელიც თავის მიზნად განსაზღვრავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვას.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან ატარებს. ამ დროის განმავლობაში დაიბომბა საავადმყოფოები, სამშობიაროები და საცხოვრებელი სახლები.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსულმა პროპაგანდამ ასოები Z და V აქცია ომის მთავარ სიმბოლოდ. 29 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიღონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საჯარო მხარდაჭერის საშუალებად სიმბოლო Z-ის გამოყენებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG