Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ვაშინგტონი, 2022 წლის 21 აპრილი

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა შესაძლებლობის გამოყენებას რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინული არმიის მხარდასაჭერად. ეს 21 აპრილს, ვაშინგტონში შეხვედრისას უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს დაუდასტურა თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის თანახმად, ოსტინმა და შმიჰალმა განიხილეს დონბასზე რუსეთის შეტევის განახლების ფონზე, შეერთებული შტატების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, მათ შორის ახალი, 800-მილიონიანი პაკეტი, რომლის შესახებაც 21 აპრილს განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშიც.

21 აპრილს ცნობილი გახდა ისიც, რომ ლოიდ ოსტინი მოკავშირე სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებს იწვევს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ ბაზაზე, რათა განიხილონ თავდაცვის სფეროში უკრაინის მიმდინარე და მომავალი საჭიროებები.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის ინფორმაციით, საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება. კირბის თქმით, შეხვედრის მონაწილეთა საბოლოო სიაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, მათ შორის იქნებიან ნატოს არაწევრი ქვეყნებიც.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს რაც შეიძლება მეტ შეიარაღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG