23 აპრილს წარუმატებლად დასრულდა უკრაინის ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის მორიგი მცდელობა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამაში ადანაშაულებენ რუსეთის ჯარებს, რომლებმაც, როგორც იტყობინებიან, იერიში მიიტანეს მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანაზე, რომელსაც თავს აფარებენ უკრაინელი მებრძოლები და სამოქალაქო პირები.
„აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის შტურმის ახალი მცდელობის შესახებ ინფორმაციამდე ორი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მარიუპოლზე გამარჯვება გამოაცხადა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უბრძანა, შტურმით არ აიღონ „აზოვსტალის“ ქარხანა და სანაცვლოდ ბლოკადაში მოაქციონ ის.
როგორც ვარაუდობენ, „აზოვსტალის“ ქვეშ მოთავსებულ გვირაბებს თავს აფარებს 2000-მდე უკრაინელი მებრძოლი. ქალაქის ძირითად ნაწილს რუსეთის ჯარები აკონტროლებენ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა 23 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა განაახლეს „აზოვსტალის“ დაბომბვა და მასზე იერიშის განხორციელებას ცდილობენ.
ქალაქის მერის თანაშემწის თქმით, 23 აპრილს 200-მდე სამოქალაქო პირი გამოცხადდა ევაკუაციისთვის, მაგრამ რუსეთის სამხედროებმა ისინი უკან გააბრუნეს და გააფრთხილეს შესაძლო დაბომბვის თაობაზე.
ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ძველი მცდელობების წარუმატებლობისთვის მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მარიუპოლი კონფლიქტის დაწყების ადრეული ეტაპიდანვე იმყოფება ალყაში.
დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა Telegram-ით მოუწოდა ხალხს, თავი მოეყარათ სავაჭრო ცენტრის მახლობლად, საიდანაც ისინი ქალაქიდან უნდა გაეყვანათ.
„დღესაც შევეცდებით ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციას,“ დაწერა ვერეშჩკუმა. „თუკი ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილია, შუადღის მიდამოებში დავიწყებთ ევაკუაციას.“
დაწერეთ კომენტარი