Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არესტოვიჩი: აშშ-ის პარლამენტი კენჭს უყრის კანონპროექტს ლენდ-ლიზის შესახებ


უკრაინის, შეერთებული შტატებისა და კოლუმბიის ოლქის დროშები პენსილვანიის გამზირზე, კაპიტოლიუმის მახლობლად, ვაშინგტონში. 5 მარტი, 2022 წ.
უკრაინის, შეერთებული შტატებისა და კოლუმბიის ოლქის დროშები პენსილვანიის გამზირზე, კაპიტოლიუმის მახლობლად, ვაშინგტონში. 5 მარტი, 2022 წ.

აშშ-ის პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს კანონპროექტს ლენდ-ლიზის შესახებ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა იუთუბ-არხ „ფეიგინ ლაიფის“ მორიგ გადაცემაში, 23 აპრილს.

კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის ნებისმიერი სახის საჭირო შეიარაღების მიწოდებას გულისხმობს, აშშ-ის სენატმა 6 აპრილს, საშობაო არდადეგებამდე უყარა კენჭი. ამოქმედებამდე დარჩენილია 2 მთავარი ეტაპი: კონგრესმენების კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში და შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერა.

წარმომადგენელთა პალატის განრიგის თანახმად, 27 აპრილს საკითხის განხილვა იგეგმება წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტში.

„ეს [ლენდ-ლიზი] პრინციპულად შეცლის საერთოდ თამაშის ყველა წესს ამ კონფლიქტში, ჩვენს სასარგებლოდ“, - თქვა არესტოვიჩმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე „შთამბეჭდავად გამოიყურება“ შეიარაღების სპექტრი, რომელსაც აშშ უკრაინას, ჯერჯერობით ლენდ-ლიზის გარეშე, აწვდის.

თუკი პროცედურები ბოლომდე წარმატებით დასრულდება, ვაშინგტონი ახლა უკვე საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედებს მე-20 საუკუნეში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ და საბჭოთა კავშირის დასახმარებლად გამოყენებულ მექანიზმს.

სახელმწიფო პროგრამის, ლენდ-ლიზის (Lend-Lease - სესხი-იჯარა) ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტით აშშ შეძლებს ნებისმიერი (საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებული) იარაღი და სხვა ტექნიკური თუ დამხმარე საშუალებები მიაწოდოს უკრაინას.

არესტოვიჩმა განმარტა, რომ სწორედ იარაღის მიწოდება იქნება განხილვის მთავარი თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის კიევში ვიზიტის დროს. ასევე ცნობილი გახდა, რომ 24 აპრილს, სახელმწიფო მდივანთან ერთად, კიევში ჩავა თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინიც.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. კიევთან განცდილი პირველი სტრატეგიული მარცხის შემდეგ, ამ ეტაპზე რუსეთმა ბრძოლა წამოიწყო უკრაინის აღმოსავლეთში. რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის წინადადებაზე, გამოცხადებულიყო დროებითი სააღდგომო ზავი.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, აღდგომის დღესასწაულზე რუსმა ოკუპანტებმა, დაბომბვის შედეგად, ოჩერეტინსკში 14 და 5 წლის გოგოების სიცოცხლე იმსხვერპლეს. მანამდე გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ უკრაინაში ომს უკვე შეეწირა 213 ბავშვის სიცოცხლე.

შაბათს რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა ოდესას. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა და, სულ ცოტა, 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სამი თვის ბავშვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის სამიზნე სამხედრო ობიექტი იყო.

ასევე შაბათს, გვიან ღამით, ვრცელდებოდა ცნობები მასიური შეტევის შესახებ ქალაქ მარიუპოლში, მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალის" შენობაზე, რომელსაც ქალაქის მცველი უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი ადამიანები აფარებენ თავს. იერიში გაგრძელდა იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, ორი დღის წინ, თითქოსდა შტურმის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG