Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ აშშ-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს


ფოტო არქივიდან: რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი. 2019 წლის სექტემბერი
ფოტო არქივიდან: რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი. 2019 წლის სექტემბერი

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა ნოტა მოთხოვნით, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ ტელეკომპანია „როსია 24“-ს განუცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა. მას ნოტის გაგზავნის თარიღი არ დაუსახელებია.

როგორც ანტონოვმა თქვა, 800 მილიონის შეიარაღება „უზარმაზარი ციფრია და ხელს არ უწყობს სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებას“. ანტონოვის განცხადებით, აშშ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ცდილობს. რუსეთის ელჩის თანახმად, ამერიკელი სენატორები ღიად ამბობენ, რომ შეერთებული შტატების ამოცანაა, რუსეთი ფეხზე მყარად არ იდგეს და მსოფლიოში რუსეთის ინტერესებს პატივს არ სცემდნენ.

მხოლოდ 15-21 აპრილის პერიოდში, აშშ-მა უკრაინას ორჯერ გაუწია 800-800 მილიონიანი სამხედრო დახმარება. ამ მოცულობის პირველი დახმარების შემდეგ, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა გაფრთხილებით, შეაჩერონ უკრაინის "უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებადი შედეგებით ემუქრება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“.

24 აპრილს კიევში იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. სააგენტო AP-ს ინფორმაციით, მათ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობეს, რომ უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს კიდევ 322 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.

პენტაგონის 21 აპრილის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG