აშშ-ის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ უკანასკნელ მომენტში შეაჩერა მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონისთვის, ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება. ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის დაძაბვას მოერიდნენ, წერს გაზეთი The Wall Street Journal-ი თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
39 წლის ალინა კაბაევას პირად ცხოვრებას ხშირად აკავშირებენ რუსეთის პრეზიდენტთან. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ ალინა კაბაევა პუტინის მინიმუმ სამი შვილის დედაა. WSJ-ის თანახმად, ეს ინფორმაცია მიიღეს მხედველობაში ვაშინგტონშიც. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც სანქციების სიის შედგენაში მონაწილეობს, ამბობს რომ, ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ სპორტსმენზე შეტევას პუტინი „აგრესიულად უპასუხებს“.
ამერიკამ სანქციების სიაში უკვე შეიყვანა პუტინის ორი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა. ვლადიმირ პუტინი პირდაპირ არ აღიარებს, რომ ტიხონოვა და ვორონცოვა მისი ქალიშვილები არიან. ორივე სამეცნიერო საქმიანობითაა დაკავებული და ფინანსდება სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან დაახლოებული მსხვილი სამეცნიერო პროგრამული ფონდებიდან.
სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ პუტინის ქალიშვილების მიმართ დაწესებული შეზღუდვები უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან უცნობია, ფლობენ თუ არა ისინი ქონებას საზღვარგარეთ.
ვლადიმირ პუტინის შვილებთან დაკავშირებით კრემლს არასოდეს გაუკეთებია კომენტარი, ვინაიდან ამ საკითხს საზოგადოებრივად საინტერესოდ არ აღიარებენ.
რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი სავარაუდო ქალიშვილის, 18 წლის ელიზავეტა კრივონოგოვას დედა სვეტლანა კრივონოგოვა სანქციების სიაში არ მოხვედრილა.
დაწერეთ კომენტარი