Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SIPRI: 2021 წელს მსოფლიოში თავდაცვის ხარჯებმა პირველად გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს


მსოფლიოში თავდაცვის ხარჯები 2021 წელსაც გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეჭრის წინ თავის სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებდა. ამის შესახებ ლაპარაკია ახალ ანგარიშში.

ინფლაციის გათვალისწინებით, შარშან თავდაცვის ხარჯები 0,7%-ით გაიზარდა და მიაღწია 2,113 ტრილიონ დოლარს, იტყობინება სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) თავის უკანასკნელ ანგარიშში, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა.

SIPRI-ის თანახმად, ხუთ ქვეყანაში, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ, შედიან აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი. შარშან შეერთებულ შტატებზე მოდიოდა მსოფლიო თავდაცვის ხარჯების 38%, მას 14%-ით მოსდევდა ჩინეთი. მაგრამ აშშ-ის თავდაცვის ხარჯები საერთო შიდა პროდუქტის 3,7%-იდან შემცირდა 3,5%-მდე, ანუ 801 მილიარდ დოლარამდე. ეს მოიცავს კვლევისა და განვითარების ხარჯების შემცირებას, მაგრამ ანგარიშში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც კონცენტრირებულია „შემდგომი თაობის ტექნოლოგიებზე“.

ირანმა 11%-ით გაზარდა სამხედრო ხარჯები, რის შედეგადაც ის, შარშანდელი მონაცემებით, მე-14 ადგილზე გადავიდა სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით. ორი ათწლეულის განმავლობაში ირანი ამ მაჩვენებლებით პირველად მოხვდა პირველ 15 ქვეყანაში.

რუსეთის სამხედრო ხარჯები 2,9%-ით გაიზარდა და 65,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუსეთში ზედიზედ მესამე წელს აღინიშნება სამხედრო ხარჯების ზრდა. ეს ხარჯები საერთო შიდა პროდუქტის 4,1%-ს შეადგენს. სამხედრო ხარჯების ზრდა დაემთხვა პერიოდს, როცა მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა.

უკრაინაში შარშან სამხედრო ხარჯები შემცირდა და 5,9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საერთო შიდა პროდუქტის 3,2%-ს უდრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG