Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა დასავლეთ უკრაინაში სარაკეტო იერიში განახორციელეს რკინიგზის სადგურებზე


რუსეთის ჯარებმა 25 აპრილს დილით სარაკეტო დარტყმები განახორციელეს მინიმუმ ხუთ სარკინიგზო სადგურზე დასავლეთ უკრაინაში. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიცია“ და რამდენიმე ოლქის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები იტყობინებიან.

„უკრზალიზნიციის“ ხელმძღვანელის, ოლექსანდრ კამიშინის თქმით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, შეჩერებულია მინიმუმ 16 სამგზავრო მატარებელი. დაზიანებულია ელექტროქვესადგურები, რის გამოც ელექტრომომარაგება შეწყდა შეპეტკოვკა - კაზატინის, ჟმერინკა - კაზატინის, კაზატინი - ფასტოვის მიმართულებებზე. ეს რკინიგზის სტრატეგიული მნიშვნელობის მონაკვეთებია, რომლებიც კიევსა და უკრაინის ცენტრალურ რაიონებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილთან აკავშირებს.

რკინიგზის ობიექტებზე იერიშის შესახებ იტყობინებიან როვენის, ვინიცის, ლვოვის ოლქების ადმინისტრაციები. დარტყმები განხორციელდა სადგურებზე ჟმერინკაში, კაზატინში, ასევე კრასნოეში ლვოვის ოლქში.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, რკინიგზის ინფრასტრუქტურის განადგურებით რუსეთი, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან სამხედრო დახმარების მიწოდებას.

ასევე იტყობინებიან, რომ 24 აპრილს საღამოს რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგში. ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა კრემენჩუგში განხორციელებული დარტყმების ფაქტი. რკინიგზის ობიექტების წინააღმდეგ იერიშზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG