"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადგან საქართველოს რუსეთისთვის სანქციები დაწესებული არ აქვს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში შეიძლება ნებისმიერი ურთიერთობა შედგეს. მედიასთან კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ "პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით უკრაინისთვის 100%-ს აკეთებენ".
"რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის წარმომადგენლებთან. გამომდინარე იქედან, რომ სანქციები დაწესებული არ აქვს საქართველოს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში შეიძლება შედგეს, ბუნებრივია, ნებისმიერი ურთიერთობა", - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, 25 აპრილს, "Youtube"-ზე გავრცელებული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერებზე, რომელთა წყაროს დასახელება მან, მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ტელევიზიისგან" მოითხოვა.
"რაც შეეხება ავთენტურობას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია. მათ შორის წყაროც არის თქვენთვის ცნობილი და შეგიძლიათ, წყაროსაც ჰკითხოთ, თუ უხერხულობას არ შეგიქმნით ეს ჩაკითხვა, ანუ საიდან გახდა ცნობილი ეს ჩანაწერი კონკრეტული ტელევიზიისთვის... ან ქართული მხრიდან უნდა ყოფილიყო, ან რუსულიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა, მაგალითად, ბაკურიანში... "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური", - თქვა კობახიძემ.
25 აპრილს "Youtube"-ზე სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები გავრცელდა, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერებმა, რომლებშიც, სავარაუდოდ, ერთმანეთს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი, ვლადიმირ ევტუშენკოვი ელაპარაკებიან, არაერთი კითხვა გააჩინა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევტუშენკოვი ამერიკის და ევროპის სანქციების ქვეშ იმყოფება.
რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია "სისტემის" დამფუძნებელმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2022 წლის 15 აპრილს დატოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებს უსაფუძვლო აჟიოტაჟი უწოდა.
"საერთოდ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ პრემიერ-მინისტრმა განცხადებები უნდა გააკეთოს გაუგებარ ჩანაწერებზე. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და მით უმეტეს, სერიოზული კომენტარის გაკეთება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების მთავარი მიზანი, ამოცანა არის საქართველოში ომის დაწყება და არიან გამწარებულები და სასოწარკვეთილები, მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას.
მე მეტს ვერაფერს ვიტყვი, ეს ჩანაწერები არაფრის მთქმელია... მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი...
მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები მიმართული იყო ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მეორე ფრონტი არ იქნებოდა საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო ეს", - თქვა ღარიბაშვილმა მედიასთან კომენტარში 27 აპრილს.
დაწერეთ კომენტარი