Accessibility links

site logo site logo

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. კალაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით:

  • 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდებით ამკრძალავი ნიშნების - "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" - მოთხოვნის დაუცველობის გამო;
  • ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება აქამდე თუ 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება. ჯარიმის გადაუხდელობის გამო ასევე გაორმაგდება საურავი, რომელიც ამჟამად 100 ლარია;
  • 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება, ასევე გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავი 200 ლარი იქნება;
  • თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი ამჟამად ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება. ასევე გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის გამო;
  • შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა არის 50 ლარი, ცვლილებები კი ითვალისწინებს მის გაზრდას 100 ლარამდე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს; ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას; მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობისთვის კი საურავი იქნება 200 ლარი.

"ჩვენ გვაქვს ქალაქში პრობლემები გარკვეული მიმართულებით. ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება; A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ძალიან ბევრი წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზე არის გაჩერებული ავტომანქანები და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ვინაიდან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ამ ყველაფერს, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს", - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასა და ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, დაჯარიმებულია 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლი.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსების მძღოლები თვითნებურად იქცევიან.

"ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაწილის მხრიდან გვესმის პრეტენზიები მიკროავტობუსის მძღოლებთან მიმართებით, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე მიკროავტობუსების მძღოლი არ აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას და არ აძლევს გადაადგილების შესაძლებლობას. პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებაში თავისუფალი ადგილის არარსებობით და ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი, თუმცა, არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება. ჩვენ მონიტორინგს ვატარებთ. არის შემთხვევები, რომ მიკროავტობუსში ადგილებია, მაგრამ მძღოლი არ აჩერებს. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მინდა, მივმართო მგზავრებსაც, ვისაც გექნებათ ანალოგიური შემთხვევა, აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება", - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG