კიევის შევჩენკოს რაიონში აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის ნანგრევებში აღმოაჩინეს ადამიანის გვამი. ამის თაობაზე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ით გაავრცელა ცნობა. ამ ცნობის თანახმად, „შენობის ნანგრევებში, რომელსაც 28 აპრილს რაკეტა მოხვდა, ნახეს დაღუპული ადამიანის გვამი“.
28 აპრილის საღამოს, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დასრულების შემდეგ, კიევში მოხდა ორი აფეთქება.
უკრაინის მხარის თანახმად, ეს იყო რუსეთის არმიის მიერ ნასროლი რაკეტები. შენობა, რომელსაც რაკეტები მოხვდა, ახალაშენებულია და მასში ხალხი ნაკლებად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ ათეულობით პირია დაშავებული.
29 აპრილს დილით, კლიჩკომ განაცხადა, რომ საავადმყოფოში მოათავსეს ოთხი ადამიანი.
კლიჩკოს სიტყვებით, ორი თვის განმავლობაში თავდასხმებისას კიევში 435 მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა, ასზე მეტი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
დაწერეთ კომენტარი