პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში აქციებს გეგმავს. ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 6 მაისიდან ბათუმის ქუჩებში საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
"შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოყრობა. ვიდრე არ შესრულდება მოთხოვნა, აჭარაში ჩვენი აქტივი და პარტიის წევრები გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე", - თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა.
ფრაქციის წევრმა, გიორგი კირთაძემ კი განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაცია მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ბათუმის ქუჩებში, ბათუმში ვარდების რევოლუციის 22 წლისთავზე, 6 მაისიდან დაიწყებს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - დედამ, მამამ და ძმებმა გუშინ, 28 აპრილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საზოგადოებას მიმართვა გააცნეს. მათ ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს და მთავრობას ვადა 2 მაისის 18:00 საათამდე მისცეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.