კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე ემიჯნება კინოაკადემიის გადაწყვეტილებას, სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერების“ სეანსების გაუქმების შესახებ.
„მოთვინიერება“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისკენ გიგანტური ხეების მოგზაურობას ასახავს. კინოაკადემიამ ფილმის ჩვენებები მისი შინაარსის გამო გააუქმა.
„ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა“, - წერს ნანა ჯანელიძე ფეისბუკზე.
ჯანელიძე, ასევე, წერს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას.
„იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ - ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე“, - აცხადებს ჯანელიძე.
„მოთვინიერება“ კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და ის სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.
კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გაგა ჩხეიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური ბაღი ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული.
კინოაკადემიის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე (მინდია) ესაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ფილმი პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით“.
სეანსების გაუქმება ბევრმა შეაფასა, როგორც ცენზურა.
„მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance"-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. „Sundance"-ის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ფილმი ასე იყო დახასიათებული: „ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე“.