Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ 2300-მდე კითხვა ევროკავშირში გასაწევრიანებლად


ირაკლი ღარიბაშვილი ხელს აწერს ევროკავშირის წევრობის განაცხადს. 2022 წლის 2 მარტი.
ირაკლი ღარიბაშვილი ხელს აწერს ევროკავშირის წევრობის განაცხადს. 2022 წლის 2 მარტი.

ხელისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიის კითხვარის პირველ ნაწილზე პასუხები უკვე მზად აქვს. მეორე ნაწილს 13 მაისამდე უნდა უპასუხოს. სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია.

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი. მისი მიზანი იგივეა, რაც პირველის - შეაფასოს, მზადაა თუ არა ქვეყანა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

თუკი პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს მოიცავდა, მეორე არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა. და კიდევ - რამდენად შესწევს ქვეყანას უარი, გაუმკლავდეს იმ ვალდებულებებს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.

ამასთან, ევროკავშირს აინტერესებს, უკვე როგორ შეასრულა სახელმწიფომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სხვადასხვა სფეროში.

რას გვეკითხებიან კონკრეტულად?

ბევრ სხვა საკითხთან ერთად:

  • აქვს თუ არა სახელმწიფოს შემუშავებული სტრატეგია ქვეყნის კანონმდებლობის და სისტემების ევროპულთან შესაბამისობაში მოსაყვანად?
  • როგორ უზრუნველყოფს სურსათის და სხვა საქონლის ხარისხს და უსაფრთხოებას?
  • როგორ იცავს სახელმწიფო მშრომელების, მათ შორის, თავისუფლად გადაადგილების უფლებას?
  • დაცულები არიან თუ არა მშრომელები დისკრიმინაციისგან? უნაზღაურდებათ თუ არა ზეგანაკვეთური შრომა? აქვთ თუ არა ეფექტური სამართლებრივი ინსტრუმენტები დამსაქმებლისგან თავის დასაცავად?
  • როგორ თანამშრომლობენ სოციალური სამსახურები?
  • როგორ მუშაობს საყოველთაო დაზღვევა?
  • რამდენად მზად არიან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ცალკეული მოქალაქეები ციფრული ტრანსფორმაციისთვის?
  • როგორია საქართველოს ნარკოპოლიტიკა? როგორ აპირებს სახელმწიფო მისით გაცხადებული მიზნების მიღწევას? თანამშრომლობს თუ არა მისი დახვეწისას არასამთავრობო ორგანიზაციებთან?
  • როგორ მუშაობს პროფკავშირები, თავისუფალია თუ არა? შშმ პირებს რამდენად შეუძლიათ სამსახურის პოვნა, რამდენად გათვალისწინებულია მათი შრომითი უფლებები?
  • სარგებლობენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები თანაბარი შესაძლობლობებით სამსახურის ძებნისას?

კითხვარი 33 თავისგან შედგება.

მაგალითად, ეს თავებია:

  • დაფუძნების უფლება და სერვისის მიწოდების თავისუფლება
  • კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა
  • საჯარო შესყიდვები
  • კომპანიათა სამართალი
  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
  • კონკურენციის პოლიტიკა
  • ფინანსური სერვისები [მათ შორის საბანკო]
  • საინფორმაციო საზოგადოება და მედია
  • თევზაობა
  • საკვების უსაფრთხოება და ვეტერინარია
  • სატრანსპორტო პოლიტიკა
  • მეცნიერება და კვლევა
  • განათლება და კულტურა

სრულად იხილეთ აქ.

***

მთავრობის ადმინისტრაციის მტკიცებით, კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია და იგი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცემა. პასუხების გასაჯაროებას ხელისუფლება არ აპირებს.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა. იმავე დღეს - მოლდოვამ. უკრაინამ კი 28 თებერვალს. ამ ორმა ქვეყანამ კითხვარის პირველ ნაწილზე პასუხები ევროკავშირს უკვე ჩააბარა.

ახალი მსურველებისთვის წევრობის მინიჭება-არმინიჭების საკითხს ევროკავშირი ივნისში გადაწყვეტს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG