რუსული სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "პირველი არხის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რეიტინგული გადაცემის "ამაღამის" ("სეგოდნია ვეჩერომ") წამყვანი, მაქსიმ გალკინი მას შემდეგ ჩაანაცვლოს ეთერში, რაც ის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ მასშტაბურ ომს საჯაროდ დაუპირისპირდა.
კომიკოს მაქსიმ გალკინის ნაცვლად, მომდევნო გადაცემას მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე უმასპინძლებს. ამის შესახებ გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" იუწყება და საიტი "სტარჰიტი" ახალი გადაცემის გადაღებაში მონაწილეთა დაყრდნობით იუწყებიან.
მაქსიმ გალკინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის ფონზე მან და მისმა მეუღლემ, მომღერალმა ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს.
გალკინი არ არის ერთადერთი ფედერალური წამყვანი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეთერიდან გაქრა. "პირველმა არხმა" შეწყვიტა ვლადიმერ პოზნერისა და ივან ურგანტის პროგრამების წარმოება. ასევე აღარ გადის პირდაპირ ეთერში პოპულარული გასართობი პროგრამა "რა? სად? როდის?".
დაწერეთ კომენტარი