Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: რუსეთის "გაზპრომი" აგრძელებს უკრაინის გავლით ევროპაში აირის მიწოდებას


Reuters-ი 1 მაისს ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის ბუნებრივი აირის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" უკრაინის გავლით აგრძელებს გაზის მიწოდებას ევროპაში, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად.

სააგენტოს თანახმად, "გაზპრომმა" ამის თაობაზე თვითონ განაცხადა და დააზუსტა, რომ მოთხოვნის მოცულობა 1 მაისს უდრიდა 97,2 მილიონ კუბურ მეტრს, რაც წინა დღესთან შედარებით, 25,5 მილიონი კუბური მეტრით მეტია.

Reuters-ის ცნობაში არ არის ნათქვამი, რომელ ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება გაზი უკრაინის გავლით. გასულ კვირაში "გაზპრომმა" ვარშავას შეატყობინა, რომ 27 აპრილს შეწყვეტს გაზსადენ „იამალით“ მისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. პოლონეთის კომპანია PGNiG-მა განაცხადა, რომ „გაზპრომმა“ პოლონეთის მხარეს 26 აპრილს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე.

მოლდოვის სახელმწიფო ენერგოკომპანიის, "მოლდოვაგაზის" ხელმძღვანელის, ვადიმ ჩებანის თქმით, რუსეთის "გაზპრომი" კონტრაქტის გათვალისწინებულ ოდენობას აწვდის მოლდოვას.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგვე რუსეთმა მოითხოვა მისთვის აირის საფასურის რუბლით გადახდა, რასაც უნდა მოჰყოლოდა გაზის მიწოდებაში სირთულეები.

28 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის მიწოდებული საწვავით მიღებული შემოსავალი. გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ მოსკოვს დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მოუტანა, ამის შესახებ ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრი CREA იტყობინებოდა. ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტის წყალობით, უკრაინაში მიმდინარე ომის ორი თვის განმავლობაში, CREA-ის გამოთვლით, რუსეთმა 44 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო. გასული მთელი წლის განმავლობაში რუსეთმა 140 მლრდ ევრო მიიღო, თვეში დაახლოებით 12 მლრდ ევრო.

წლების წინ დადებული ხელშეკრულებით, უკრაინა დიდ შემოსავალს იღებდა თავის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო მილსადენების საშუალებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG