"წითელი ჯვარი" და გაერო ადასტურებენ ინფორმაციას უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, ქარხანა "აზოვსტალში" თავშეფარებული მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ. 1 მაისს, დღის მეორე ნახევარში, თითქმის მთლიანად განადგურებულ ქალაქში გამოჩნდნენ ავტობუსები "წითელი ჯვრის" სტიკერებით, რათა მოეხდინათ "აზოვსტალში" თავშეფარებული სამოქალაქო პირების უსაფრთხო ევაკუაცია.
REUTERS-ის ცნობით, "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია ჯერ, დაახლოებით, 40-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა, რომლებიც დონეცკის ოლქის სოფელ ბეზიმენში ჩავიდნენ. მოგვიანებით შეთანხმებულ თავშესაფრამდე კიდევ 14-მდე ადამიანი მივიდა.
რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია 30 აპრილსაც მოხერხდა - ამ დღეს 20-მა ადამიანმა გადაინაცვლა შედარებით უსაფრთხო ადგილას.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალების ალყაში მყოფი "აზოვსტალის" ქარხნის სარდაფებს თავს 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ. Maxar Technologies-ის მიერ 30 აპრილს გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ "აზოვსტალის" ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლში დახოცეს 20 000-მდე ადამიანი. ქუჩებსა და ნანგრევებში მყოფი ცხედრების სიმრავლე ქმნის ინფექციური აფეთქების რისკს.
"აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
მოლაპარაკებების შემდეგ, 26 აპრილს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ პუტინი დათანხმდა გაეროსა და "წითელი ჯვრის" მონაწილეობაზე მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ორგანიზებაში. "აზოვსტალის" გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, იტალიური მედია იუწყებოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ, რომის პაპმა, ფრანცისკემ, დიპლომატიური არხებით სამჯერ მიმართა მოსკოვს ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის თხოვნით, მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად მარიუპოლიდან და ამ მიზნით ვატიკანის გემით საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებაც კი შესთავაზა. როგორც ჟურნალისტები წერენ, რუსეთმა, სავარაუდოდ, პაპი ფრანცისკეს წარმომადგენლებს სამივეჯერ უთხრა, რომ ის არ იძლეოდა ქარხნიდან ხალხის უსაფრთხოდ გაყვანის გარანტიას.
უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ქარხანაში მყოფ ყველა ადამიანს მიეცეს ევაკუაციის უფლება კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ სამხედროები უნდა დანებდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას კი რუსული ჯარების ან სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე წასვლას სთავაზობდა.
რუსეთის შეიარაღებული შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დაიწყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. კიევი მოსკოვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებაში ადანაშაულებს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს იერიშს. გაეროს უახლესი მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაიღუპა სამი ათასამდე უკრაინელი, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი. სამი ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაშავების ძირითადი მიზეზია: საარტილერიო დაბომბვები, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები, ცეცხლის დაშენა ზალპური სარაკეტო გამშვები სისტემებით.