Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი უკრაინაში თავის ქმედებებს ხელოვნურად არ მიუსადაგებს 9 მაისს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 2022 წლის 8 აპრილი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 2022 წლის 8 აპრილი

რუსეთის არმია არ აპირებს უკრაინაში თავისი ქმედებები ხელოვნურად მიუსადაგოს რომელიმე თარიღს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განუცხადა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ს. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 1 მაისს, გვიან ღამით გამოქვეყნებული ინტერვიუს ტექსტის მიხედვით, ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა, რა მოხდება და ახლოვდება თუ არა ომის დასასრული 9 მაისისთვის, როცა რუსეთი ემზადება ნაციზმისგან გათავისუფლების დღის აღსანიშნავად.

ლავროვის თქმით, საბჭოთა კავშირში არსებობდა ტრადიცია, რომ რომელიმე დღესასწაულისთვის აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო „რამე მსხვილი და ხმამაღალი“, უკრაინაში რუსეთის ქმედებები კი „კონცენტრირებულია მხოლოდ ამოცანებზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისევ გაიმეორა, რომ ეს ამოცანები გამოცხადებულია პრეზიდენტ პუტინის მიერ - „სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის ტერიტორიაზე მათთვის(მოსახლეობისთვის) და რუსეთის ფედერაციისთვის შემტევ შეიარაღებასა და ნაციფიკაციასთან დაკავშირებული საფრთხეების არარსებობა“.

როგორც ლავროვი ამბობს, 9 მაისს საზეიმოდ აღნიშნავენ და გაიხსენებენ მათ, „ვინც დაეცა ნაცისტური ჭირისგან რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების და ევროპის გასათავისუფლებლად“, ხოლო „უკრაინაში ოპერაციის განხორციელების ტემპი, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულია სამოქალაქო მოსახლეობისა და რუსი სამხედროებისთვის ნებისმიერი რისკის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე“.

ლავროვის განცხადებითვე, რუსი სამხედროები „თავიანთ ქმედებებს ხელოვნურად არ მიუსადაგებენ რომელიმე თარიღს, მათ შორის გამარჯვების დღეს“.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

XS
SM
MD
LG