Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინასთან ომში განსაკუთრებით დაზარალდა რუსეთის არმიის "ელიტა"


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საჰაერო-სადესანტო ძალების 104-ე პოლკის პირადი შემადგენლობის დათვალიერებაზე. ფსკოვი, 2020 წლის მარტი
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საჰაერო-სადესანტო ძალების 104-ე პოლკის პირადი შემადგენლობის დათვალიერებაზე. ფსკოვი, 2020 წლის მარტი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისას რუსეთმა გამოიყენა ბატალიონების 120-ზე მეტი ტაქტიკური ჯგუფი, რაც სახმელეთო ძალების დაახლოებით 65%-ს შეადგენს.

ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, ამ ქვედანაყოფების მეოთხედზე მეტს ბრძოლისუნარიანობა ამჟამად დაკარგული აქვს. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის თანახმად, განსაკუთრებით დაზარალდა რუსეთის არმიის ზოგიერთი ელიტური ქვედანაყოფი, მათ შორის, საჰაერო-სადესანტო ძალები და რუსეთს ამ ძალების აღსადგენად შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

XS
SM
MD
LG