უეფამ რუსულ ფეხბურთს ახალი სანქციები დაუწესა - ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ საერთაშორისო არენას ჩამოშორებულ რუსეთის კლუბებსა და ნაკრებებს დისკვალიფიკაციის ვადა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა.
უეფას აღმასკომის ახალი გადაწყვეტილებით, რუსეთის საფეხბურთო კლუბების გარეშე ჩაივლის ევროპის 2022-2023 წლების საკლუბო ტურნირები: მამაკაცთა, ქალთა და იუნიორთა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენსლიგა.
რუსეთის ნაკრებს არ დაუშვებენ უეფას ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშებაზე. ასევე - ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ქალთა შორის და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელსაც 2023 წელს საქართველომ და რუმინეთმა უნდა უმასპინძლონ.
უეფასვე გადაწყვეტილებით, რუსეთი ევროპის 2028 და 2032 წლების ჩემპიონატების მასპინძლობის მსურველი ქვეყნების სიიდანაც ამოიღეს.