თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში მეორე დღეა საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები 2 წლის წინ ამავე სოფლიდან გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის ცხედარს ეძებენ. პოლიციას ქალის გვამის სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია დაკარგულის ოჯახმა მიაწოდა.
68 წლის ქალის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი შალვა მაისურაძე.
მან სპეციალური მოწყობილობის (სკანერი) მეშვეობით შეისწავლა საეჭვო ტერიტორია. დათვალიერდა დაახლოებით 1 ჰექტრამდე ტერიტორია. ექსპერტი დასკვნას უახლოეს დღეებში მოამზადებს.
დღესვე სამართალდამცავებმა ადგილზე მძიმე ტექნიკით, დაახლოებით 10 მეტრის სიგრძეზე გათხარეს საეჭვო ფართობი. ამ დროისთვის ნაპოვნი არაფერია. სპეციალისტების თქმით, სამუშაო გაგრძელდება.
დაკარგული ქალის შვილის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში გაუჩინარებული დედის სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც „სოფელ შალაურში მცხოვრებმა ქალმა თანასოფლელს უამბო, თუ როგორ შეიყვანა საკუთარს სახლში მზია ბედმანიკაშვილი, სამი დღით დაატყვევა და შემდეგ, გარდაცვლილი, საკუთარ ეზოში კაკლის ხის ქვეშ დამარხა“.
2020 წლის 16 ივლისს გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოკითხულია საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი.
დაწერეთ კომენტარი