Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი ძებნილთა სიაში შეიყვანა


ალექსანდრ ნევზოროვი

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი ოთხშაბათს, 4 მაისს, შეიყვანა ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტის წინააღმდეგ მარტის ბოლოს აღძრა მუხლით, "სიყალბის გავრცელება რუსეთის არმიის შესახებ".

გამოძიების თანახმად, ნევზოროვმა 9 მარტს „ინსტაგრამის“ გვერდზე და 19 მარტს „იუტუბის“ არხზე გამოაქვეყნა "გამიზნულად ცრუ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ მარიუპოლის განუკითხავი დაბომბვის შესახებ".

"პუბლიკაციებს თან ახლდა დაბომბვის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დაუდასტურებელი ფოტოები. ამ სურათების გავრცელების წყაროს უკრაინული მედია წარმოადგენს", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

მანამდე პუბლიცისტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე განაცხადა, რომ 80 წლის განმავლობაში პირველად, "მთელ მსოფლიოს სურს ერთადერთი რამ - პუტინის სიკვდილი". ხოლო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი, ნევზოროვის თქმით, მხოლოდ ერთი ადამიანს ომს წარმოადგენს და არ არის გამოწვეული ტერიტორიული დავების, რელიგიის ან მტრობის გამო.
"არაფერი ეს არ არის. არის მხოლოდ მანიაკალიზმი, კონსპიროლოგია, უგუნურება", - აღნიშნა ნევზოროვმა.

გადაცემა "600 წამის" ავტორს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ დეპუტატ ალექსანდრ ნევზოროვს წარსულში ვლადიმირ პუტინთან მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებს.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნევზოროვი ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, მაგრამ ამჟამად ის აქტიურად უჭერს მხარს ყირიმის უკრაინაში დაბრუნებას და დონბასის სრულ განთავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG