იქნებ, სასჯელის გადავადება? - გამოცდილება, კანონი, შესაძლებლობა
4 მაისს ექიმთა კონსილიუმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ახალი დასკვნა გახადა საჯარო. ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საგრძნობლად გაუარესებულად“ ფასდება. ამის შემდეგ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გამოჯანმრთელებისკენ ერთ-ერთი გზა შესაძლოა მისთვის სასჯელის გადავადება გახდეს. თუ ექსპრეზიდენტი ამ გზას აირჩევს, გადაწყვეტილება სასამართლოზე იქნება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ჩვენ ვკითხეთ, განიხილავენ თუ არა ერთ-ერთ გამოსავლად სწორედ ამას, სასჯელის გადავადებას, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ განიხილავენ ყველა შესაძლებლობას, რაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას და მისი პატიმრობის დასრულებას ემსახურება.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად ხშირია სასჯელის გადავადების პრაქტიკა საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ასეთი ბევრი შემთხვევაა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს, თუ როგორ გადაუვადეს სასჯელი მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, რომელსაც მხედველობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ციხეში კი მის დაავადებას ვერ მკურნალობდნენ.
წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- სახალხო დამცველი მზად არის სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე იუსტიციის სამინისტროსთან საჯარო დისკუსიისთვის
- სააკაშვილი სერგეენკოს და ხუნდაძეს მიმართავს: მომინახულეთ, როგორც პაციენტი
- მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში ექიმების ნაწილმა აქცია გამართა
- ცენტრ „ემპათიის" ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების უფლება არ მისცეს
- „სიცოცხლისთვის“ - პრეზიდენტის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ხალხის L-ი კრემლის Z-ის წინააღმდეგ - "თავისუფლების ლეგიონი" უკრაინასა და რუსეთში
„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ - ეს არის რუსეთის მოქალაქეების მიერ შექმნილი ლეგიონი, რომელიც იარაღით ხელში უკვე დონბასშიც იბრძვის, ქსელს ადგილზე, რუსეთშიც ქმნის და კრემლს თავსატეხს უჩენს.
ლეგიონი, რომელსაც ზოგჯერ "თავისუფალ რუსეთსაც" უწოდებენ, აცხადებს, რომ რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის, პუტინის რეჟიმის გასანადგურებლად იბრძვის - ზოგი ფრონტის ხაზზე და ზოგიც - ზურგში.
რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ შერჩეულ Z-ს, რომელიც საომარი აგრესიისა და სისასტიკის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა, ბოლო დროს უპირისპირდება თავისუფლების ლეგიონის სიმბოლო L-ი.
მათი კიდევ ერთი სიმბოლოა ცისფერ-თეთრი დროშა, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ლეგიონის დავალებაა, რომ 9 მაისს, ომში დაღუპულთა მემორიალებზე, რუსეთში მყოფმა თანამოაზრეებმა სწორედ ცისფერ-თეთრი კვალი დატოვონ, მაგალითად, ყვავილებით.
რა პროცესები დაიწყო რუსეთში? შეიძლება თუ არა, ის შეფასდეს როგორც გამოღვიძება? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ხელისუფლება არ ამხელს, რა უპასუხა ევროკავშირის კითხვარს. უნდა გაამხილოს?
საქართველომ ევროკავშირის მიერ გადმოცემული კითხვების პირველ ნაწილს უკვე გასცა პასუხი. 369-კითხვიანი დოკუმენტი შევსებულია, მაგრამ წინ კიდევ 2300-მდე შეკითხვაა. რა პასუხები გასცა მთავრობამ კითხვარის პირველ ნაწილში, უცნობია. სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პასუხები საჯარო უნდა იყოს.
2 მაისს 30-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება. ან გაასაჯაროვეთ პასუხები, ან დაასაბუთეთ, რატომ არ აკეთებთ ამას, - მოუწოდებენ ისინი ხელისუფლებას.
ფონდი „ღია საზოგადოება“ ამ განცხადებაზე ხელმომწერთაგან ერთ-ერთია. მისი წარმომადგენელი, ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პასუხები ევროკომისიის კითხვარზე - საჯარო ინფორმაციაა. კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაციის დაფარვა ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.
ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გამოქვეყნებაში უჩვეულო არაფერია. მათ იპოვით კანდიდატი ქვეყნების სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე. მაგალითად, სერბეთის ევროინტეგრაციის სამინისტროს საიტზე.
წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.
არახამია: რუსეთის ჯარმა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეაღწია
რუსმა სამხედროებმა შეაღწიეს ქალაქ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ უკრაინულ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი რადაში, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა.
აქამდე რუსეთის არმია მხოლოდ ციდან ახორციელებდა ქარხანაზე იერიშებს, სადაც ბატალიონ „აზოვის“ წევრები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.
მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, უკრაინული ტელეკომპანია "უკრაინა 24"-ის ეთერში განაცხადა, რომ "აზოვსტალში" ახლა მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი თქმით, რუსეთის ჯარი ქარხანას ტანკებით, არტილერიით და საჰაერო დარტყმებით უტევს.
სააკაშვილის ოჯახი თბილისში აქციას მართავს
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ორგანიზებით, დღეს, 5 მაისს, თბილისში აქცია გაიმართება. ოჯახი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.
"ჩვენ, ოჯახმა გადავწყვიტეთ, ხვალ კანცელარიასთან, საღამოს 7 საათზე ვაორგანიზებთ აქციას, რომელიც იქნება იმისთვის, რომ გავაგონოთ ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა. მივმართავ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიდგნენ გვერდით. "ქართული ოცნების" მომხრე ხართ თუ "ნაციონალური მოძრაობის", ადამიანი ითხოვს შველას, ოჯახი ითხოვს შველას", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.
გიორგი სააკაშვილის თქმით, ეს იქნება სპონტანურად ორგანიზებული აქცია.
ღარიბაშვილი პოლონეთში მონაწილეობას მიიღებს დონორთა კონფერენციაში - „უკრაინისთვის“
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ის დღეს მონაწილეობას მიიღებს დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში - „უკრაინისთვის“.
5 მაისს პოლონეთში დაგეგმილი კონფერენცია ემსახურება უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრით შექმნილი ჰუმანიტარული გარემოს გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზებას და შემდგომი ნაბიჯების განხილვას უკრაინის მხარდასაჭერად, ომის შედეგად შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად.
თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ).
კერძოდ, მაგალითად ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში???!!! მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის მანძილზე ჩემი შემოსავალი არცერთი მხრიდან 1 ლარითაც კი არ გაზრდილა. უფრო მეტიც - იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVID ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაჰკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს „წითელ მოედანზე“?
9 მაისი ანუ „გამარჯვების დღე“ რუსეთში ყველაზე დიდ პატრიოტულ დღესასწაულად ითვლება. როგორც წესი, ამ დღეს წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ვლადიმირ პუტინი იბარებს და პუტინივე მიმართავს სიტყვით ქვეყნის მოსახლეობას. უკრაინაში წარუმატებელი ომის ფონზე, ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ მიმართვაში ჩამოაყალიბებს რუსეთის პრეზიდენტი თავის ხედვას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს უკრაინისთვის ომის ოფიციალურ გამოცხადებასა და საყოველთაო მობილიზაციის დაწყებას.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შარშან, 2021 წლის 9 მაისს, როცა წითელ მოედანზე მორიგი აღლუმი ჩაიბარა, განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომმა იმდენი აუტანელი განსაცდელი, მწუხარება და ცრემლი მოიტანა, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია და არ არსებობს პატიება ან გამართლება მათთვის, ვინც კვლავ აგრესიულ გეგმებს სახავსო.
ერთი წლის შემდეგ, 2022 წლის 9 მაისს, ვლადიმირ პუტინს ე.წ. სამამულო ომის გარდა, სხვა, გამოუცხადებელ ომზეც მოუწევს საუბარი; ომზე, რომელიც მისი გადაწყვეტილებითა და რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრით 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და, რომელიც დღემდე იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს.
წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიმანიდან ევაკუაცია რუსეთის მხრიდან ინტენსიური დაბომბვის ქვეშ მიმდინარეობს. 2 მაისს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ლევკო სტეკი თან ახლდა პოლიციელებს, რომლებსაც სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოჰყავდათ.