Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მედია: მოპარული უკრაინული ხორბლის ექსპორტს რუსები ეგვიპტეში ცდილობდნენ


რუსული გემი, რომელიც ანექსირებულ ყირიმში 27 ათასი ტონა ხორბლით დაიტვირთა, ცდილობდა ხორბალი ჩაეტანა ეგვიპტეში, მაგრამ უარის შემდეგ შეიცვალა კურსი და გეზი ლიბანისა და სირიისკენ აიღო. ამის შესახებ თავდაპირველად პორტალი "მშვიდობის დამცველი" იტყობინებოდა, გემების სათვალთვალო სისტემა MarineTraffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მოგვიანებით კი აღნიშნული ინფორმაცია "ევროპეისკა პრავდას" უკრაინის მთავრობაშიც დაუდასტურეს.

ლაპარაკია ხომალდ "მატროს პოზინიჩზე", რომელიც, თავის მხრივ, სანქციების ქვეშ მოქცეული "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის" კუთვნილებას წარმოადგენს. ამ გემს 27 ათასი ტონა ხორბალი ეგვიპტის პორტ ალექსანდრიაში გადაჰქონდა.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსი "კაფირები" დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იპარავენ და გასაყიდად გააქვთ საცავებში არსებული უკრაინული ხორბალი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელმა დიპლომატებმა ხელი შეუშალეს რუსეთს ალექსანდრიისთვის ამ მარცვლეულის მიწოდებაში.

"ჩვენი ინფორმაციით, ახლა რუსულმა მხარემ უკრაინის სამხრეთით მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემი გაგზავნა ლიბანისა და სირიის მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა ლიბანის და სირიის ხელისუფლებებს, რომ დააპატიმრონ მოპარული ტვირთი, თუ მათ პორტებში რუსული სატვირთო გემი შევა", - განაცხადა ნიკოლენკომ და დასძინა: "ჩვენ ამ სიტუაციას განსაკუთრებულ კონტროლს ვუწევთ."

ნიკოლენკომ ხაზი გაუსვა, რომ ხერსონის რეგიონში დროებით ოკუპირებული დასახლებების განადგურება, იქიდან მარცვლეულისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპორტი ძირს უთხრის არა მხოლოდ უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებას, არამედ უკრაინულ საკვებზე დამოკიდებული მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG