Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის ქალიშვილის წლიური შემოსავალი 50-ჯერ გაიზარდა


აიშატ კადიროვა
აიშატ კადიროვა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ქალიშვილს, რომელსაც რესპუბლიკის კულტურის მინისტრის თანამდებობა უკავია, წლიური შემოსავალი 50-ჯერ გაეზარდა - 845 ათასი რუბლიდან 44 მილიონამდე. ამის შესახებ Kavkaz.realii წერს აიშატ კადიროვას ოფიციალურ დეკლარაციაზე დაყრდნობით.

როგორ მოახერხა კადიროვის ქალიშვილმა 2021 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, 44 მილიონ რუბლზე მეტი შემოსავლის მიღება, არ არის ნათელი, აღნიშნულია პუბლიკაციაში. მასში ასევე ნახსენებია, რომ რამზან კადიროვმა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო თავისი 23 წლის ქალიშვილის სახლში ვიზიტის შესახებ. ვიდეოში ჩანს, რომ ეზოში დგას ავტომობილი Lamborghini Urus-ი, რომელიც არ არის შეტანილი ოფიციალურ დეკლარაციაში. დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ აიშატის მეუღლის სახელზე გაფორმებული 200 ათასი რუბლის ღირებულების „ლადა“.

2021 წელს ჩეჩნეთის კულტურის მინისტრს გაუჩნდა 1600 კვადრატული მეტრი ფართობის ცალკე სახლი. მთელი უძრავი ქონების ღირებულება სავარაუდოდ 50 მილიონი რუბლია. აიშატ კადიროვას ქმრის შემოსავალი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ შეცვლილა და ის მილიონ-ნახევარ რუბლს უდრის. ის საკუთარი ცოლის დაქვემდებარებაში მუშაობს.

აიშატ კადიროვა 2021 წლის ოქტომბერში გახდა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრი. სახელმწიფო სამსახურის დაწყებამდე ის ხუთი წელი ხელმძღვანელობდა ისლამური მოდის სახლ Firdaws-ს.

2020 წლის ივლისიდან აიშატ კადიროვას მამასთან, დედასთან და დასთან ერთად ამერიკის სანქციები აქვს დაწესებული. მათ აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, უწყებას „მოეპოვება სანდო ინფორმაცია იმისი შესახებ, რომ კადიროვები პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მასშტაბის კორუფციასთან“ და ადამიანის უფლებების დარღვევებთან.

XS
SM
MD
LG