Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ეს საკითხი გადაწყვეტილია!


ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მტკიცებით, დღის წესრიგში აღარ დგას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი.

"თენგიზ ცერცვაძე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ექიმი, მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი. ამ განცხადების შემდეგაც გიდასტურებთ, რომ რამდენჯერმე მქონდა კონტაქტი თენგიზთან და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია - თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას. ის იმდენად დიდი პატრიოტია თავისი ქვეყნის, ამ სისტემის, არ მგონია, რომ თენგიზმა ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს", - უთხრა დღეს ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ თენგიზ ცერცვაძის მიერ 4 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა 4 მაისს ფეისბუკში გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ბოლო დღეებში მის მიმართ „აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო" გულნატკენი და შეურაცხყოფილია და ფიქრობს თანამდებობის დატოვებაზე. ცერცვაძის თქმით, არსებობს მცდელობა, რომ დააბრალონ, თითქოს სხვებთან ერთად მონაწილეობას იღებდა COVID-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში.

თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. თამარ გაბუნიას თქმით, ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და აგრძელებს მუშაობას, მათ შორის სამინისტროსთანაც, კოვიდთან დაკავშირებულ თემებზე.

“ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”, - თქვა თამარ გაბუნიამ.

საუბარი კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში ფულის შესაძლო გაფლანგვის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მისი თქმით, მკურნალობის პროცესში "პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა". აზარაშვილი საუბრობდა იმაზეც, რომ 2 წლის განმავლობაში, კოვიდპაციენტების მობილიზებული საწოლებიდან მინიმუმ 40%-ში, სახელმწიფო ფულს იხდიდა ცარიელ საწოლებში.

ამირან გამყრელიძემ და თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტების კითხვებს ცარიელ საწოლებთან დაკავშირებითაც უპასუხეს. გამყრელიძის თქმით, საწოლების, მედიკამენტების და ვაქცინების მობილიზება საგანგებო რეჟიმით იყო განპირობებული, რასაც აქვს გარკვეული სტანდარტები.

„ეპიდემიების დროს ყოველთვის არის ქვეყნებში მზადყოფნა. ეს იგივე ომია, რაშიც ჩვენ ვიყავით ამ ორი წლის განმავლობაში, ოღონდ, ომი ვირუსთან. ამიტომ, როცა მზადყოფნის რეჟიმი გაქვს, იქ არის გარკვეული სტანდარტები, რა უნდა გქონდეს მზადყოფნაში. იქ შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობა ცარიელი საწოლებისაც, გარკვეული რაოდენობა მედიკამენტებისაც, გარკვეული რაოდენობა ვაქცინების, აუცილებლად. გარკვეული რაოდენობა ბევრი, ბევრი სხვა რამის, რადგან მზადყოფნის რეჟიმი პანდემიების დროს გახლავთ აუცილებელი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნიას განმარტებით კი, საწოლების მობილიზაციისთვის მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან.

"ეს მექანიზმი აღიწერა მთავრობის დადგენილებაში, ამის მიხედვით ვმუშაობდით. ეს ის მექანიზმია, რომელიც გერმანიამაც გამოიყენა პანდემიის მართვისთვის. ეს არის საწოლფონდის ანაზღაურება, სარეზერვო საწოლების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, კონკრეტულად იმ მომენტში საწოლი დატვირთულია თუ არა, გარკვეული ანაზღაურება გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ხარჯს მოელის კლინიკა როგორც კომუნალურების გათვალისწინებით, ასევე პერსონალისთვის ბაზისური ხელფასის გადახდის კუთხით. ეს იყო მექანიზმი, რაც გამოვიყენეთ.

ჰოსპიტალში 10 პაციენტი მკურნალობს თუ 100, ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დარჩეს ფუნქციონირებად მდგომარეობაში, მობილიზებული ჰყავდეს სამედიცინო პერსონალი.

კოვიდის პროგრამაში იყო სამკომპონენტიანი ანაზღაურება: ერთი ბაზისური - მობილიზებული საწოლებისთვის, მეორე - პერსონალის დანამატი, მესამე - ფაქტიური ანაზღაურების ხარჯი, რომელსაც აუდიტი მიმდინარე პერიოდში სწავლობს. რა თქმა უნდა, აუდიტის შედეგები ყველასთვის გახდება ცნობილი, თუ რაიმე ზედმეტი დანახარჯი იყო ან არასწორად აღრიცხული დანახარჯი, რაც ასევე შესაძლებელია მოხდეს იმ დატვირთვიდან გამომდინარე, რაც კლინიკებს ჰქონდათ გასული 2 წლის განმავლობაში. მექანიზმი, რომელიც პროგრამამ გამოიყენა, აღწერილია სახელმწიფო პროგრამაში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მან ასევე თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თანხების არამიზნობრივად გამოყენებაზე ვერ ისაუბრებს მანამ, სანამ აუდიტის დასკვნა არ გამოქვეყნდება.

3 მაისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მან ამ გადაწყვეტილების მიღება თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირა.

XS
SM
MD
LG