საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებულ უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, 6 მაისიდან უახლოეს დღეებში დატოვონ სივრცეები, რის გამოც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ.
სახალხო დამცველი ეყრდნობა უკრაინის მოქალაქეების მიმართვებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„არაფერი იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში“, - აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შემჭიდროებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება.