Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აცხადებს, რომ ემზადებიან „აზოვსტალიდან“ მედიკოსების და სამხედროების ევაკუაციისთვის


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ მორიგ ვიდეოში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ახლა ემზადება დაჭრილი სამხედროებისა და მედიკოსების ევაკუაციისათვის მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან.

„ახლა ვამზადებთ ევაკუაციის მეორე ეტაპს - გავიყვანთ დაჭრილებსა და მედიკოსებს. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეასრულებს შეთანხმების პირობებს. რა თქმა უნდა, თუ არ მოგვატყუებენ. ასევე ვმუშაობთ ჩვენი სამხედროების გამოყვანაზეც. ყველა გმირის გამოყვანაზე, რომლებიც მარიუპოლს იცავენ. ეს ძალიან რთულია, თუმცა - აუცილებელი. დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება ამ სირთულის მიზეზს და ასევე, სად არის ეს მიზეზი. თუმცა ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. არ ვჩერდებით", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, სერგეი ვოლინას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც ის ითხოვს მარიუპოლიდან სამხედროების გაყვანას.

„ბოლო ევაკუაციის საფასური სამი მოკლული და ექვსი დაჭრილი ჯარისკაცია. მარიუპოლის გარნიზონმა ყველაფერი გააკეთა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. ყველას ვთხოვთ, მაქსიმალურად იღონონ ყველაფერი სამხედროების ევაკუაციისთვის“, – აღნიშნავს ვოლინა.

ვოლინას თქმით, „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლები უკრაინის ერთგული რჩებიან და აღწერს მდგომარეობას, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

„მეჩვენება, რომ აღმოვჩნდი ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში, სადაც ჩვენ სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ გადარჩენის ყველა შანსს და მთელი მსოფლიო უბრალოდ უყურებს საინტერესო სიუჟეტს... ეს ფილმი არ არის და ჩვენ არ ვართ გამოგონილი პერსონაჟები. ეს არის რეალური ცხოვრება - ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლი, შიში, სიკვდილი – ყველაფერი რეალურია“, - აცხადებს ვოლინა.

"წითელი ჯვრისა" და გაეროს დახმარებით, ევაკუაციის პირველ ეტაპზე აზოვსტალიდან 300 მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს. 7 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ "აზოვსტალიდან" ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG