Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 მაისი რუსეთის სირცხვილის დღედ უნდა იქცეს - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს


აქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციას სახელწოდებით, „რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“, მართავენ უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია „Svitanok“-ის წევრები, პარტია „დროას“ და სამოქალაქო მოძრაობა „დემოკრატიის მცველების“ წარმომადგენლები.

„8 მაისს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან და პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნას და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ძალადობა და სისასტიკე უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ უფრო დიდი გამოვლინებაა. რუსეთი აცხადებდა ნაციზმზე გამარჯვებას მეორე მსოფლიო ომში, რომელიც აღინიშნება 9 მაისს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის გამარჯვების დღე არ არის, არსებობს მხოლოდ რუსეთის სირცხვილის დღე!“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 8 მაისი არის მნიშვნელოვანი დღე, როცა ცივილიზებული მსოფლიო აღნიშნავდა ნაციზმის დამარცხებას, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღმოჩნდა, რომ ნაციზმი, რუსეთის სახით, ბოლომდე არ არის დამარცხებული.

„მან მიიღო რაშიზმის სახე, იმ ბოროტების მანქანის სახე, რასაც დღეს ჩვენ უკრაინაში ვხედავთ და რაც მარცხდება უკრაინაში. ხვალ, 9 მაისს, პუტინის მიერ დაანონსებული ზეიმი, ჩათვალეთ, რომ უკვე არ შედგა, რადგან მათ უკრაინის სიმამაცის და დასავლეთის მხარდაჭერის ხარჯზე, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამიტომ, ჩვენ დღეს, სად თუ არა თბილისში, უნდა ვიდგეთ უკრაინელებთან ერთად და ვთქვათ, რომ ამ რაშიზმის დამარცხების იდეისთვის ჩვენ ერთად ვართ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ეს აქცია ნაწილია უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით - „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ და მისი მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, აღნიშნოს 9 მაისი, როგორც საკუთარი გამარჯვების დღე.

XS
SM
MD
LG