Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს


"არჩევნები" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, მეორე ტური

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ - დღეს იქ "არჩევნების" მეორე ტური იმართება.

"სულ გახსნილია 76 უბანი. მათგან ოთხი რუსეთის, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქებში, თითო მოსკოვსა და სოხუმში და ორი ვლადიკავკაზში, მეტალურგების კულტურის სასახლეში და ახალგაზრდობის სასახლეში. სამართალდამცავმა უწყებებმა დაცვის ქვეშ აიყვანეს ყველა ის ობიექტი, სადაც არჩევნები ტარდება“, - განუცხადა სააგენტო „რესს" ე.წ.ცესკოს მდივანმა ქრისტინა ავლოხოვამ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები საარჩევნოდ და სადღესასწაულო დღეებში საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი 8-9 მაისს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად 25 დამკვირვებელია აკრედიტებული რუსეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკებიდან.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის კი ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი. პირველ ტურში ბიბილოვს ხმა მისცა მოსახლეობის 34,95%-მა, ხოლო გაგლოევს - 38,55%-მა. გაგლოევს მხარს უჭერს მეორე ტურში ვერგადასული სამივე კანდიდატი, მათ მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობა კი ჯამში 60 პროცენტს შეადგენს.

დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში 32 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, დაბეჭდილია 40 000 ბიულეტენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG