Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი შვიდეულის" ლიდერების და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ტელევიზიებს


"დიდი შვიდეულის" (G7) წევრი სახელმწიფოების დროშები
"დიდი შვიდეულის" (G7) წევრი სახელმწიფოების დროშები

აშშ-მა გამოაცხადა სანქციები რუსეთის სამი სატელევიზიო სადგურის და "გაზპრომბანკის" აღმასრულებელი პირების მიმართ და, ამავე დროს, ამერიკელებს აუკრძალა რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების გაწევა. სანქციები გამოცხადდა მას შემდეგ, რაც "დიდი შვიდეულის" (G7) წევრი ქვეყნების ლიდერებმა ვირტუალური შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის განხილვის მიზნით.

სანქციები, რომლებიც შეეხო რუსეთის "პირველ არხს", "რასია 1-ს" და "NTV"-ს, ამერიკის კომპანიებს უკრძალავს ამ არხების დაფინანსებას რეკლამის მიწოდების გზით ან მათთვის აღჭურვილობის მიყიდვას.

"აშშ-ის კომპანიები არ უნდა მონაწილეობდნენ რუსეთის პროპაგანდის დაფინანსების საქმეში", - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, რომელიც ჟურნალისტებს სანქციების თაობაზე ესაუბრა. ეს სანქციები წარმოადგენს მორიგ ძალისხმევას აშშ-ის მხრიდან, რათა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე იმისთვის, რათა მან ომი დაასრულოს.

სანქციები ამერიკელებს ასევე უკრძალავს საბუღალტრო, სამენეჯერო თუ კორპორაციის ფორმირების საკონსულტაციო სერვისების გაწევას რუსებისთვის, თუმცა იურიდიული სერვისები კვლავ ნებადართულია.

"გაზპრომბანკის" აღმასრულებლებისთვის დაწესებული სანქციები წარმოადგენს პირველ ამგვარ ზომას რუსეთის გაზის გიგანტი ექსპორტიორის მიმართ.

"ეს არ არის სრული ბლოკირება. ჩვენ არ ვყინავთ "გაზპრომბანკის" ქონებას და არ ვკრძალავთ "გაზპრომბანკთან" ყველა ტრანზაქციას", - თქვა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა და დასძინა: "ჩვენ ვგზავნით სიგნალს, რომ "გაზპრომბანკი" არ არის უსაფრთხო თავშესაფარი და ამდენად, სანქციებს ვუწესებთ მათი უმაღლესი აღმასრულებლების ნაწილს ... გამყინავი ეფექტის შესაქმნელად".

ამასთან, სანქციების სიას დაემატა რუსეთის "სბერბანკის" რვა აღმასრულებელი პირი, ისევე, როგორც "მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი" და მისი 10 განშტოება.

სანქციათა პაკეტი ასევე მოიცავს ექსპორტის კონტროლის ახალ ზომებს, რომლებიც მიმართულია საომარი ძალისხმევის დასუსტებაზე და მიემართება, მათ შორის, სამრეწველო ძრავების, ბულდოზერების, სატყეო პროდუქტების კონტროლს.

ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურეს თავიანთი უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მიმდინარე სამხედრო და თავდაცვით დახმარებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ქსელების დაცვაში კიბერ ინციდენტებისგან და გავაფართოებთ თანამშრომლობას, მათ შორის საინფორმაციო უსაფრთხოების მხრივ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის "არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ და განურჩეველი თავდასხმები სამოქალაქო პირების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რასაც საზარელი ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა ევროპის გულში". "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები გმობენ რუსეთის "მცდელობას, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერები არალეგიტიმური [ფიგურებით] შეცვალოს".

ლიდერების თქმით, ისინი "ძალისხმევას არ დაიშურებენ" იმისთვის, რომ თავიანთი ქმედებებისთვის პასუხი აგონ პუტინმა და ამ აგრესიის თანამონაწილეებმა, მათ შორის ბელარუსის ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმმა.

XS
SM
MD
LG