Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი ჯარისკაცი დამარხეს. 28 წლის ალან თედეევი რუსეთის საოკუპაციო-სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. როგორც ოსური მედია იუწყება, უკრაინაში წასვლამდე სამხედრო მოსამსახურე თედეევი, სირიასა და დონბასის ე.წ რესპუბლიკებშიც იბრძოდა. ”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის იყო ჯარისკაცი და ის მოკვდა, როგორც ჯარისკაცი”, - თქვა გარდაცვლილის დედამ, სვეტლანა ჯაგაევამ. ქუჩაზე, სადაც თედეევი ცხოვრობდა, შეიკრიბნენ მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ის სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა.

4 მაისს ცხინვალში ალიმ ლოხოვის გარდაცვალების ცნობაც გავრცელდა. მანამდე, ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული, მე-4 საოკუპაციო-სამხედრო ბაზის ოცმეთაური ინალ კორტიევი დაიღუპა. უფრო ადრე კი სერჟანტი ანდრეი ბაკაევი, მოხალისეები რუსლან ბესაევი, რუსლან კაზიევი და დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო არტისტი რობერტ ყულუმბეგოვი დაიღუპნენ.

ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული ჯარისკაცების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ბიჭების ომში გაგზავნა პატარა ხალხის განადგურებას უტოლდება. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდა.

მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გააგზავნეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

უკრაინაში, რუსეთის არმიის შეჭრიდან დღემდე, ომში ცხინვალის რეგიონის 8 მცხოვრები დაიღუპა, ნაწილი რუსეთის არმიის მე-4 სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობიდან იყო, ნაწილი კი ე.წ დონბასის რესპუბლიკებში მოხალისედ წავიდა.

XS
SM
MD
LG